მდ. ენგურისა და მისი შენაკადების მატება უხვმა ნალექმა გამოიწვია – „ენგურჰესის“ განცხადება

პუბლიკა

„ენგურჰესის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მდინარე ენგურში 3 ადამიანის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, 31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, თუმცა მის რაოდენობას არ შეეძლო გამოეწვია მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დღეებში უხვი ნალექის შედეგად მოიმატა მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ.

„პირველ რიგში ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მდინარე ენგურში დღეს, გამთენიისას დაღუპულთა ოჯახებს. მიუხედავად იმისა, რომ  31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, მისი რაოდენობა დადგენილ ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და არ შეეძლო, გამოეწვია მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება. მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად. აქვე უნდა აღინიშნოს, მდინარე ენგურის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობა კაშხლიდან წყლის გაშვების წინ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს“, – ნათქვამია „ენგურჰესის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მდინარე ენგურში 3 მოქალაქის ცხედარი იპოვეს, გრძელდება ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.

სამინისტრო ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 143-ე (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მუხლებით იძიებს.

ცხედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში გამოირიყა. ეს სოფელი ოკუპირებული გალის სოფლებს ესაზღვრება.

როგორც ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებლები მედიასთან ამბობენ, ისინი ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურიით ცდილობდნენ. მათი ინფორმაციით, 2 ქალი და 2 კაცი სამკურნალოდ და ნათესავების სანახავად გადმოდიოდნენ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ახლობლები ვარაუდობენ, რომ მდინარის გადმოცურვის მცდელობისას ისინი წყალში დაიხრჩვნენ.