„მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა" - ექიმი „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფზე

პუბლიკა

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი, რომელიც „პრაიდის” მოწინააღმდეგეთა თავდასხმის შედეგად დაშავდა, ალადაშვილის კლინიკის ნევროლოგიურ განყოფილებაშია გადაყვანილი, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

როგორც კლინიკის ნევროლოგი მარიამ ხელაძე აცხადებს, პაციენტს ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა აღენიშნება, თუმცა ამ ეტაპზე ნეიროქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა.

„პაციენტი გიორგი ნიკოლიშვილი ამჟამად იმყოფება ნევროლოგიურ განყოფილებაში. მისი დიაგნოზი არის ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა. პაციენტი ამ ეტაპზე ნეიროქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, იმყოფება მუდმივი ინტენსიური მეთვალყურეობისა და დაკვირვების ქვეშ. საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობა აქვს.

ჩაუტარდა თავის ტვინის კატე კვლევა, სადაც გამოვლინდა ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, შეფასდა ნეიროქირურგის, ნევროლოგის მიერ, ამის შემდეგ გადავიდა ნევროლოგიურ განყოფილებაში მკურნალობის გასაგრძელებლად“, – განაცხადა მარიამ ხელაძემ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 5 ივლისს 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტი, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.

LB loan image desktop LB loan image mobile