მედიაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ შსს-ს, გამოიძიონ დღეს მომხდარი ძალადობის ფაქტები

პუბლიკა

მედიაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები – „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) და „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია“(IFJ) ეხმაურება თბილისში მიმდინარე მოვლენებს, რა დროსაც „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ 40-მდე ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოკორესპონდენტს.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ Twitter-ზე შეშფოთებას გამოთქვამს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმის გამო.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, ულტრამემარჯვენე დემონსტრანტების მიერ 20-ზე მეტ ჟურნალისტზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის გამო, როდესაც ისინი თბილისში მიმდინარე „პრაიდის“ მოვლენებს აშუქებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს აღნიშნული პირების იდენტიფიცირება და დაკავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დღევანდელ დღეს ეხმაურება „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაც“ (IFJ). ისინი ამბობენ, რომ დაუშვებელია შეტევა ინფორმაციის თავისუფლებაზე.

„თბილისში „პრაიდის“ მსვლელობის დროს დემონსტრანტები სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და დაამტვრიეს ტექნიკა. ეს დაუშვებელი შეტევაა ინფორმაციის თავისუფლებაზე. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.