მედიის თვალსაზრისით ეს არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს – გახარია კანონპროექტზე

პუბლიკა

„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი. მედიის თვალსაზრისით, ეს არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. მე როგორც ვიცი, საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას“, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია  „ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონპროექტს.

„ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ – ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, განუკითხაობა, დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც, გარდა მისი მფლობელებისა, პასუხისმგებელია სახელმწიფოც. ამიტომ, იქიდან გამომდინარე, სანამ ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ მსგავს მიმართულებებზე“, – აღნიშნა გახარიამ.


კანონპროექტის მიხედვით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც ეხება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და ითვალისწინებს სპეციალური მმართველის დანიშვნას.

უფრო კონკრეტულად, ცვლილებების მიღების შემთხვევაში კანონში გაჩნდება ამგვარი ჩანაწერი:

თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.