მელია მისი ოფისის დაწვას „კობიაშვილ-კალაძესთან დაახლოებულ „კანონიერ ქურდსა“ და მის ძმას უკავშირებს

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გლდანში, მისი ოფისის დაწვას „კობიაშვილ-კალაძესთან დაახლოებულ „კანონიერ ქურდსა“ და მის ძმას უკავშირებს. ამის შესახებ მელიამ ჟურნლაისტებს განუცხადა.

„ახლა ვარ „გაერთიანებული ოპოზიციის“ გლდანის ერთ-ერთი შტაბის წინ, ეს გახლდათ გლდანის რაიონის მესამე მიკრორაიონში არსებული შტაბი. ესაა ის რაიონი, სადაც დამაჯერებლად მოვიგეთ ჩვენ ოპოზიციამ და კობიაშვილ-კალაძე დავამარცხეთ. შედეგად მოჰყვა ის, რომ რევანშისტულმა, მოძალადე ხელისუფლებამ გადაწვა შტაბი.

ახლა, დავასახელებ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც ამაში მონაწილეობა მიიღეს ესაა – კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი “კანონიერი ქურდი” ნოდარ შუკაკიძე, რომელიც საბერძნეთის საპატიმროში იმყოფება და გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან მჭიდრო კავშირი აქვს და ასევე, მისივე ძმის ლევან შუკაკიძის საშუალებით აკონტროლებს საარჩევნო პროცესებს. ესენი არიან ნოდარ შუკაკიძე “კანონიერი ქურდი” და კობიაშვილ-კალაძე და ლევან შუკაკიძე, რომელიც აქ ძალიან ახლოს ცხოვრობენ. ეს უბანი პირწმინდად წააგეს და ახლა მოძალადეობრივი აქტი განახორციელეს. ვუცხადებ ბრძოლას “კანონიერ ქურდებს”!“, – განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.

გლდანში, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ ოფისში ხანძარი გაჩნდა. შტაბის უფროსი „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ შენობის შუშა ქვებით ჩაამსხვრიეს და შიგნით ბენზინის ბოთლი შეაგდეს.

„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.