მელიამ და ელისაშვილმა მოქალაქეებს ცესკოს ტერიტორიის დატოვებისა და ხვალ რუსთაველზე მისვლისკენ მოუწოდეს

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც ცესკოსთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ოპოზიციის ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ნიკა მელიამ საზოგადოებას ახალი გადაწყვეტილება გააცნეს.

„მაქსიმალურად ვეცდებით ვითარების დაწყნარებას, ხალხის გამორიდებას. ისინი უღმერთოები არიან, ყველაფერს იკადრებენ, რომ დაიცვან ხმების ქურდი ჟვანია და ნაქურდალი ხმები.

გვინდა, ხალხი არ დაშავდეს; გვინდა, მაქსიმალურად გამოვარიდოთ ხალხი იმიტომ, რომ შეხედეთ, სადამდე გამოვიდნენ სპეცრაზმელები, ურტყამენ, აკავებენ… გვინდა, ვითარება განვმუხტოთ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დავზიანდით ჯოჯოხეთური ჭავლიდან.

გვინდა, ყველას მოვუწოდოთ, იქნებ ნელ-ნელა ეს პერიმეტრი გავათავისუფლოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ნიკა მელიამ მოქალაქეებს ხვალ 18:00-ზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„კლასიკური მაგალითი, უზურპატორი როგორ იქცევა. მტყუანია, გამყალბებელია, მოძალადეა და კიდევ ძალადობს.

გვინდა, ჩვენს შვილებს ჰქონდეს თავისუფალი საქართველო, აღარ დაჩაგრონ, აღარ იძალადონ, ამიტომ ხვალ რუსთაველს გამზირზე 6 საათზე მთელი ერი უნდა შევიკრიბოთ და არა ოპოზიცია. ერი 6-ზე ისევ რუსთაველის გამზირზე. ეს ადამიანი, ყველა დავრწმუნდით მე მგონი, აპირებს იქამდე ამ ძალადობას, სანამ გაუვა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ალეკო ელისაშვილმა დაამატა, რომ ახლა მოუწოდებენ ადამიანებს, დატოვონ ცესკოს მიმდებარე ტერიტორია და ხვალ 6-ზე მივიდნენ რუსთაველზე.