„მერე ყველას მივხედავთ“ - გახარია კომპანიებზე, რომლებმაც თანამშრომლები ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლეს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე ერთ-ერთ კითხვაზე საპასუხოდ ყურადღება იმ კომპანიებზე გაამახვილა, რომლებმაც თანამშრომლები გაათავისუფლეს და კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადეს.

„ამათ ყველას მივაკითხავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მან კომპანიებს სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ შეახსენა.

„კომპანიებს, გარდა იმისა, რომ ვალდებულება აქვთ, სახელმწიფოს დახმარება და ფული სთხოვონ, იგივე ვალდებულება აქვთ, დასაქმებული ადამიანების მიმართ. ადამიანს რომ კრიზისის გამო უშვებ, კომპანიას აქვს პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში დასაქმებულს შესაბამისი გადასახადი გადაუხადოს. ეს ყველას კარგად ახსოვდეს, იმიტომ, რომ ეს კრიზისი გადაივლის და მერე ყველას მივხედავთ“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მხოლოდ სახელმწიფო არ არის ვალდებული სოციალური პასუხისმგებლობა იკისროს „როგორც მოქალაქეზე, ასევე იმ კომპანიაზე, რომელმაც ეს მოქალაქე ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე გაუშვა“.