პირობითი განაჩენი „მეშვიდე სტუდიისთვის“

დავით ბუხრიკიძე

26 ივნისს მოსკოვის მეშჩანის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ოლესია მენდელეევა) ხელოვნების პლატფორმა „მეშვიდე სტუდიის“ წევრებისთვის საბოლოო განაჩენი გამოაცხადა. ბრალდების მხარე ითხოვდა რეჟისორ კირილ სერებრენნიკოვისთვის ექვსი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას და კოლონიურ რეჟიმს. თუმცა, საბოლოოდ, მას სამწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

მოსამართლის თქმით, პლატფორმა „მეშვიდე სტუდიის“ წევრებმა – კირილ სერებრენნიკოვმა, ალექსეი მალობროდსკიმდა იური იტინმა 129 მილიონი რუბლი მიიტაცეს (დაახლოებით მილიონ 85 ათასი დოლარი) ხოლო „მეშვიდე სტუდიის“ კიდევ ერთ თანამშრომელს, სოფია აპფელბაუმს ბრალი  დაუდევრობაში ედებოდა. თუმცა არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებდა.

საბოლოოდ, სასამართლომ სერებრენნიკოვს, იტინსა და მალობროდსკის პირობითი სამწლიანი სასჯელი გამოუტანა და ჯარიმის გადახდა დააკისრა, ხოლო აპფელბაუმი ორწლიანი ვადის გასვლის გამო, თანხის გადახდისაგან გათავისუფლდა. ამასთან, სერებრნინიკოვს აეკრძალა სახელმწიფო კულტურის ინსტიტუციებში მაღალი თანამედებობის დაკავება. იგივე ვრცელდება იტინსა და მალობროდსკიზეც. ჯერ-ჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა სერებრენნიკოვი ევროპის თეატრებთან თუნდაც დისტანციურად თანამშრომლობას როგორც ეს წინა წლებში შინაპატიმრობის გამო მოახერხა.