მეუფე იაკობი ამბობს, რომ ხელისუფლება წირვაზე დამსწრეებს სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის ცნობით, ბოდბის ეპარქიაში ხელისუფლების წარმომადგენლები სააღდგომო წირვაზე დასწრების შემთხვევაში საჯარო სამსახურების თანამშრომლებს სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა.

„ჩვენთან ეპარქიაში ხელისუფლებამ დაიბარა საჯარო სამსახურების თანამშრომლები, მასწავლებლები და ყველანი და უთხრა თუ წახვალთ სააღდგომო წირვაზე თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები დაკარგავთ სამსახურსო და ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

სიღნაღის მერიის კანცელარიის ხელმძღვანელი უარყოფს ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

მთავარეპისკოპოს იაკობის ბრალდებას უარყოფს სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილიც.

„მეუფემ რა თქვა არ ვიცი. მე თანამშრომლებთან თათბირზე მაქსიმალურად თავშეკავებისკენ მოვუწოდე. მეუფეს რა ინფორმაცია აქვს არ ვიცი.

წირვა იქნება თუ სასაფლაო იქნება სადაც არის ხალხმრავალი ადგილები თავიანთივე და სხვათა უსაფრთხოებისათვის მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ წასვლისაგან და დარჩნენ სახლში. ეს არ არის მხოლოდ გათვალისწინებული საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის, ეს მოწოდება ეხება ყველას”,- განაცხადა სიღნაღის მერმა

 

 


ნებისმიერი თავყრილობა, მათ შორის რელიგიური რიტუალების დროს, ამძიმებს ეპიდემიოლოგიურ სურათს და ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.