„მიმდინარე წელი გამორჩეული იყო მშრომელთა გაფიცვების ოდენობით“ - ანგარიში

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც შეჯამებულია მიმდინარე წელი ადამიანის უფლებების მდგომარეობის მხრივ.

ანგარიშის ერთ-ერთი თავი ეთმობა შრომის პოლიტიკას.

ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წელი გამორჩეული იყო ქვეყანაში გამართული მშრომელთა გაფიცვების ოდენობით.

ანგარიშის ამ თავში მოხსენიებულია წლის დასაწყისში კურიერების გაფიცვა; ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა, რომლებიც უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და გაუმჯობესებულ შრომის პირობებს მოითხოვენ; ამავე მოთხოვნებით თბილსერვისში დასაქმებულების პროტესტი; გურიაში ფქვილის საწარმოში გაფიცვა; რუსთავის აზოტში დასაქმებულების გაფიცვა, ანაზღაურების გაზრდისა და გაფიცულთა მიმართ რეპრესიული ღონისძიებების არგატარების გარანტიის მოთხოვნით; ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვა.

„წლის დასაწყისში ხელშეკრულების არსებითი პირობების ცალმხრივად ცვლილების გამო კურიერები გაიფიცნენ. კვლავ გაფიცვის კერას წარმოადგენდა ჭიათურა, სადაც მაღაროებში დასაქმებულები წლების მანძილზე ითხოვენ უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და გაუმჯობესებულ შრომის პირობებს.

დედაქალაქის რამდენიმე დღით ანტისანიტარია გამოიწვია თბილსერვისში დასაქმებული პირების პროტესტმა და ამ სამსახურის პარალიზებამ. მშრომელები ამ შემთხვევაშიც უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფასა და ღირსეული ანაზღაურების მიღებას მოითხოვდნენ.

რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიფიცნენ გურიაში, პურის ფქვილის საწარმოში დასაქმებული პირებიც. მოთხოვნას შრომის ანაზღაურების ოდენობის გაზრდა და შრომითი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენდა.

6 დღე გაგრძელდა დასაქმებულთა გაფიცვის პროცესი რუსთვის აზოტშიც. მშრომელები მოითხოვდნენ ანაზღაურების გაზრდას და გარანტიას, რომ გაფიცვის მონაწილეთა მიმართ რეპრესიული ღონისძიებები არ განხორციელდებოდა. უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით რამდენიმე დღის მანძილზე გაფიცული იყვნენ ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული პირებიც.

ანგარიშის მიხედვით, დასაქმებულთა უფლებების დარღვევა და უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობა კვლავ ტყიბულის შახტებში დასაქმებული პირების ყოველდღიურობას წარამოდგენდა.

„წლის დასაწყისში ანაზღაურების სისტემის ცვლილებამ რამდენიმე მეშახტე აიძულა პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიემართა, თითქმის 24 საათის მანძილზე 11 მეშახტე შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებდა და საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებდა. მოგვიანებით, ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ტყიბულში, ქვანახშირის საბადოს ერთერთი მოპოვების კერაზე მიმდინარე გამაგრებითმა სამუშაოებმა. Სრობლემური აღმოჩნდა შახტებში პანდემიის კონტროლიც. Საწესებული რეგულაციების უკონტროლო ხასიათმა დასაქმებულთა უმეტესობა სწორედ სამუშაო ადგილებზე დააინფიცირა.

გაფიცვის პირას იდგნენ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტოს თანამშრომლებიც, რომლებიც დიდი ხანია საუბრობენ მძიმე სამუშაო პირობებსა და შრომითი უფლებების დარღვევებზე. სამწუხაროდ, სამინისტრო, რომლისგანაც საზოგადოებას შრომითი უფლებების ღირსეული სტანდარტების დაწესების მოლოდინი აქვს, როგორც დამსაქმებელი, თავად ვერ უზრუნველყოფს შრომითი კანონმდებლობის მინიმალური სტანდარტების დაცვას და დასაქმებულებს გაფიცვისკენ უბიძგებს. სოციალური სააგენტოს თანამშრომლებთან მოლაპარაკების პროცესი ამ დრომდე გრძელდება“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, 2021 წლის მოვლენებმა კიდევ ერთხელ გახადა ნათელი დასაქმების ადგილებზე ადამიანის უფლებათა შელახვის სისტემური, მძიმე გამოცდილება და დასაქმებულთა ექსპლუატაციის უხილავი თუ ხილული პრაქტიკები, რაც შრომის პოლიტიკის არათანმიმდევრულობასა და ფუნდამენტურ ხარვეზებს უკავშირდება.

მათი თქმით, ეს მოვლენები წარმოადგენდა არა მხოლოდ ინდივიდუალურ შრომით დავებს, არამედ საერთო სოციალურ პროტესტს არსებული ეკონომიკური და სოციალური სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც დასაქმებულთა მინიმალური კეთილდღეობა და სოციალური უსაფრთხოება დღემდე ვერ უზრუნველყო.

 

LB loan image desktop LB loan image mobile