„მინდა გამოვეხმაურო ჩემ მიმართ აგორებულ მორიგ ტალღას" - მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მიერ Spiegel-ისთვის მიცემული ინტერვიუს შეფასებებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„მინდა გამოვეხმაურო დღეს აგორებულ მორიგ ტალღას ჩემთან მიმართებაში. წარსულში შეცდომები დამიშვია, მაგრამ პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ. სამარტოო საკანში გატარებულმა 7 წელმა ბევრი დრო მომცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის.

სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პატიმრობის გამოყენების მიზანი იყო, მიეღო იძულებითი ჩვენება ჩემგან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

აქამდე ბევრ სხვა ტიპის უბინძურეს ცილისწამებაზე კომენტარიც კი არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა ჩემი მეგობრის, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შემიძლია.

რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით. ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი.

უკრაინის გარდა, არცერთ ევროპულ სპეცსამსახურს არ მიუყენებია იმხელა ზიანი რუსული სპეცსამსახურებისთვის, როგორიც ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაყენა.

რუსეთი მტერია, უკრაინა გაიმარჯვებს და მასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, საქართველოც გავა სამშვიდობოზე.

სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრო!”, – წერს მერაბიშვილი.

ამავე საკითხზე აქვეყნებს facebook-პოსტს დიმიტრი შაშკინიც:

,,არც ერთი თანამდებობის და არც ერთი არჩევნების გამო არ შეიძლება იკადრო ის, რაც დღეს ზოგმა იკადრა!

აიღეს ქოცების ნარატივი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოსვლა იყო ორგანიზებული გენერალ ლორთქიფანიძეს მიერ, დაამახინჯეს პრეზიდენტის ინტერვიუ და ფეისბუქზე ატრიალებენ, რომ მიშას ჩამოსვლა საქართველოში იყო ორგანიზებული ვანო მერაბიშვილის მიერ, რადგან ლორთქიფანიძე იყო მისი მოადგილე 2012-ში”, – წერს შაშკინი.