მინიმალური სიმპტომების მქონე ყველა პირს უნდა ჩაუტარდეს ტესტი - კულუმბეგოვი

პუბლიკა

ექიმ ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, საქართველოში უნდა გაფართოვდეს იმ პირთა წრე, ვისაც ტესტი უნდა ჩაუტარდეს. მისი თქმით, მცირე სიმპტომიანი ადამიანებსაც უნდა ჩაუტარდეთ ტესტი კორონავირუსზე და მხოლოდ ასე შევძლებთ ეპიდემიის მასშტაბურ გავრცელების თავიდან არიდებას.

მისივე თქმით, მასობრივი ტესტირების ჩატარება საქართველოში ფინანსური თვალსაზრისით რთული იქნება, თუმცა უნდა ჩატარდეს ტესტირება მიზნობრივ ჯგუფებში და უკვე ალგორითმით განსაზღვრულ ჯგუფებს უნდა დაემატოს მცირესიმპტომიანი ადამიანები.

„ჩვენ მივედით იმ კონდიციამდე, რომ ტესტი უტარდებოდეს იმ ასეულობით ადამიანს, მაგალითად, ჩემთან ათობით ადამიანი რეკავს და მეუბნება, რომ აქვს დაბალი ტემპერატურა, ოჯახში რამდენიმე სულია. ვრეკავ 112-ში მამისამართებს ცხელების ცენტრში და იქ ექიმები მეუბნება, თქვენ საეჭვო ქცევა და კონტაქტი არ გაქვთ და ამიტომ დარჩით სახლში. მე მინდა კრიტერიუმში შევიდეს ისეთი პაციენტების გამოკვლევა, რომლებსაც მინიმალური სიმპტომები აქვთ, თუნდაც ყელი სტკივათ და 37,1 აქვთ სიცხე. ეს თავიდან აგვაცილებს ფართო ეპიდემიას. ჩინეთის მაგალითმა აჩვენა, რომ 44% ოჯახური პრესიმპტომური გადაცემები იყო, ორი დღით ადრე იწყებს ეს ადამიანი ვირუსის გამოფრქვევას. “, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „მთავარი არხის” ეთერში.

მისივე თქმით, 3 მილიონ ადამიანს ტესტი საქართველოში ვერ ჩაუტარდება და თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას.

„არავის არ ჰქონდეს ილუზია და ეს მე მაქვს გაცნობიერებული, რომ 100% ჯანმრთელი ადამიანების გამოკვლევას ჩვენი ქვეყანა ვერ შეძლებს. 3 მილიონი ტესტი შეიძლება დღეს გააკეთო, მაგრამ მეორე დღეს დაინფიცირდე და ტესტი თავიდან გქონდეს გასაკეთებელი. მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც ულიმიტო შესაძლებლობები აქვს ერთ სულ მოსახლეზე. ფაუჩი ამბობს, რომ თუ არ გავაორმაგეთ ტესტი ქვეყნის მასობრივ გახსნაზე არ ვისაუბროთ. ჩვენ, მინიმუმ დაავადებული ადამიანები, ყოველგვარი სელექციის გარეშე უნდა გამოვიკვლიოთ, ვისაც აქვს რესპირაციული სიმპტომები”, – ამბობს კულუმბეგოვი.