მინისტრი ამბობს, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანის ვადებზე ჯერ ვერ ისაუბრებს

პუბლიკა

„აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტზე FDA-ის და EMA- ს ავტორიზაცია ეხება ქვეყნებში შეტანისა და გაყიდვის უფლებას და არ გულისხმობს ავტომატურად ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ ვადებზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს.

„თემა იმდენად სენსიტიურია, რომ ამ ფორმატში გადაწყდა განხილვა, რადგან ბავშვებს შეეხება. კომიტეტს დეტალურად გავაცანი საბჭოს გადაწყვეტილებები, რა ეტაპზეა, რა ხდება პროტოკოლთან, „გაიდლაინების“ შემუშავების კუთხით და ა.შ. კითხვები იყო მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. აქვე დეტალურად გავაცანი ინფორმაცია, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, არცერთი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეს მედიკამენტი არ ფინანსდება. არის სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები, მაგალითად გერმანიის, ბრიტანეთის, სადაც განხილვაც კი შეჩერებულია ამის ბიუჯეტიდან დაფინანსების თაობაზე. ის ნაწილი, რაც ეხება FDA-ისა (აშშ-ის საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტო) და EMA- ს (ევროპის წამლის სააგენტო) ავტორიზაციას, ეს არის ქვეყნებში შეტანის და გაყიდვის უფლება. ეს არ გულისხმობს ავტომატურად იმ ქვეყნების ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას“, – ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, არაერთი შეხვედრა გაიმართა სამინისტროში და არ აკლებენ მცდელობას „თუ რაიმე შესაძლებლობაა, ეს იქნება მედიკამენტის შეძენა, დაფინანსება თუ ა.შ, უკან არ დავიხიოთ“.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების სხვა საჭიროებებს. მინისტი ამბობს, რომ მზად არიან ნებისმიერი საჭიროება ფსიქოლოგთან დაკავშირებული იქნება, მასაჟთან თუ სხვა, განიხილონ და უზრუნველვყონ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში.

„ასევე, მშობლებს შევთავაზე იმ ბავშვებისთვის, რომლებთანაც თანმდევი დაავადებებიც არსებობს, რომელიც სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული, დიაგნოსტიკა ჩატარდეს როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს შეგვიძლია დავაორგანიზოთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს დახურულ სხდომაზე მოუსმინეს. მინისტრი კომიტეტზე „ლელოს“ მოთხოვნის საფუძველზე მივიდა.კომიტეტზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა საკითხი განიხილეს.

23 მარტს მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროში საპროტესტო აქცია გამართეს და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის შესაძენად სამინისტროს დაფინანსებას უკვე თვეებია უშედეგოდ სთხოვენ.

მშობლების პროტესტის შემდგომ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეიქმნა აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მიზანიც ამ იშვიათი დაავადების სამკურნალო სტრატეგიის ჩამოყალიბებაა.