„მიშას სექტორი“ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე კანცელარიასთან დარჩენას გეგმავს

პუბლიკა

სააკაშვილის მხარდამჭერები, საორგანიზაციო ჯგუფი „მიშას სექტორი“ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს. ისინი აცხადებენ, რომ დარჩებიან მთავრობის ადმინისტრაციასთან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

როგორც აქციაზე მყოფი ერთ-ერთი პირი „TV პირველთან“ აცხადებს, მათი მოთხოვნაა, რომ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან სააკაშვილის პირადი ექიმი და ამბობს, რომ აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დარჩებიან.

„ერთი თვეა გასული ჩვენი მოთხოვნებიდან, რასაც არანაირი შედეგი არ მოჰყვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ რადიკალურ ნაბიჯებს ვდგამთ. ჩვენ აქ მოვედით, ჩვენ აქ ვრჩებით და არ ვიშლებით, სანამ არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნას. მოთხოვნა არის ის, რომ პირველ ეტაპზე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის შეყვანა რუსთავის ციხეში და გავიგოთ, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავლილი გვაქვს, როტაციის პრინციპით დავრჩებით აქ. ჩვენ არა მარტო ღამის აქციებით, ანუ დარჩენით შემოვიფარგლებით, არამედ პატარ-პატარა აქციებით დღის განმავლობაში. ეს იქნება ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც იქნება აქციები და რომელიც იქნება მზარდი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „TV პირველთან“.

როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა 3 იანვარს თქვეს, იმის გამო, რომ მასთან ვერ შედიოდა ექიმთა დამოუკიდებელი ჯგუფი და არ იყო დაცული კონფიდენციალურობა ციხეში მასთან საუბრის დროს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენებას გეგმავდა. თუმცა ადვოკატი ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებდა, რა იგულისხმება „პროტესტის უკიდურეს ფორმაში“.

ამ პირობების შესასრულებლად სააკაშვილი ხელისუფლებას დროს 6 იანვრამდე აძლევდა. მოგვიანებით კი თვის ბოლომდე გადასწია ულტიმატუმის ვადა, რომელიც დღეს იწურება.