„მისთვის მედიაში კითხვა დასმული არ ყოფილა“ - ტიკარაძე ღარიბაშვილის დუმილზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის „მედიაში კითხვა” არ დასმულა ჩანაწერებთან დაკავშირებით.

„ბატონი ირაკლი თვითონ გააკეთებს კომენტარს და არაერთმა ჩვენი გუნდის წარმომადგენელმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით კომენტარი და მეც ვიზიარებ, რომ ჩვენთვის ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს ფარული ჩანაწერების გავრცელება. მისთვის მედიაში კითხვა დასმული არ ყოფილა და დარწმუნებული ვარ, როცა მას ექნება უშუალო კონტაქტი მედიასთან ამასთან დაკავშირებით ღირსეულ პასუხს გააკეთებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტელეკომპანია „პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ მათთვის ანგარიშის გასწორებას, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.