მიტროპოლიტი დიმიტრი „სინოფარმის" ვაქცინით აიცრა

პუბლიკა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი „სინოფარმის” ვაქცინით აიცრა.

მიტროპოლიტმა მედიას განუცხადა, რომ სინოდის გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მიტროპოლიტი დიმიტრი პირველია სინოდიდან, ვინც აიცრა.

მისი თქმით, როდესაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება ვირუსით, როცა ისტორიულად ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი შესაძლებლობაა, ფიქრის დრო აღარ არის.

„როგორც მოგეხსენებათ, სინოდის გადაწყვეტილებით და მიმართვით, ნებაყოფლობითია ვაქცინაცია და ეს ასეც არის სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ როდესაც ყოველდღიურად, გათენებისთანავე, როცა განიცდი ამდენი ადამიანის დაღუპვას, მეგობრის, ახლობლის, საზოგადო მოღვაწის, როდესაც შენ იცი, რომ ისტორიულად ვაქცინაცია ერთადერთი შესაძლებლობაა პანდემიის დამარცხების; როდესაც ყოველდღიურად ლოცულობ და უფალს ევედრები, რომ გიხსნას უცნაური სიკვდილისგან, ზედმეტი ფიქრის დრო, თავისთავად, აღარ არის, ეს გადაწყვეტილება ამითაც იყო გამოწვეული“, – განაცხადა მან.

მან სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის.