PHR ეხმაურება ფონდების დამფუძნებლის სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს ქმედებები წარმოადგენს მიზანმიმართულ რეპრესიასა და ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას.
ორგანიზაციაში განსაკუთრებით მიუთითებენ ფაქტს, რომ ჩხრეკა ჩატარდა ორსულ მარიამ ბაჯელიძესთან, რომელიც იმ დროს თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.
„საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ტარდება მაშინ, როდესაც ადგილზე იმყოფებიან ბავშვები ან ორსული ქალები, შეუთავსებელია ბავშვთა უფლებებთან და მათ საუკეთესო ინტერესებთან. სახელმწიფოს ევალება, რომ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებების დროს გაითვალისწინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მათი ფსიქო-ემოციური უსაფრთხოება.
ამასთან, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენს იმ რეპრესიული პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების დაშინებას, დისკრედიტაციასა და საჯარო სივრცეში მათი საქმიანობის შეზღუდვას.
სახელმწიფოს ევალება:
- თავი შეიკავოს უფლებადამცველთა საქმიანობის გამო მათი უფლებების დარღვევისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედებისგან;
- დაიცვან უფლებადამცველები მესამე პირების მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისგან;
- გაატარონ ღონისძიებები უფლებადამცველთა მიერ საკუთარი უფლებების (მათ შორის, მათი მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის) სრული რეალიზაციის ხელშესაწყობად;
- შექმნან უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო, სადაც
უფლებადამცველებს ექნებათ დაცულობის განცდა
და დაუბრკოლებლად საქმიანობის შესაძლებლობა“.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამის ნაცვლად, სახელმწიფო აგრძელებს რეპრესიებს, რათა დაასუსტოს ქალი უფლებადამცველების და აქტივისტების საქმიანობა.
საქართველოს პროკურატურა მარიამ ბაჯელიძის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის და გუგა ხელაიას სახლებში ჩხრეკასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჩხრეკა „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ ჩატარდა.