მკლავჭიდის მწვრთნელების თქმით, ჯაჭვლიანი მათ გაშვებას აპირებს, რადგან პრემია არ გაუნაწილეს

პუბლიკა

მკლავჭიდის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გენადი კვიკვინია ამბობს, რომ მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი მწვრთნელების გათავისუფლებას აპირებს იმის გამო, რომ მათ თავიანთი პრემიებიდან თანხა არ გაუნაწილეს.

კვიკვინია ჰყვება, რომ სახელმწიფომ მწვრთნელებს დაუნიშნა პრემია – სპორტსმენის მიღწეული შედეგისა და მოპოვებული თანხის 50%. მწვრთნელები კი ამ თანხიდან ნაწილს „მეგობრულად“ ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს აძლევდნენ.

ნაკრების მწვრთნელის თქმით, თავდაპირველად პრემიის განაწილების გადაწყვეტილება მიიღეს იქიდან გამომდინარე, რომ ჯაჭვლიანს სახელმწიფოსგან არც ხელფასი ჰქონდა დანიშნული და არც პრემიას იღებდა, მისი მუშაობითაც თავდაპირველად კმაყოფილები იყვნენ. თუმცა შემდეგ ჯაჭვლიანს ფედერაციისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია და მწვრთნელებმაც გადაწყვიტეს, პრემიებიდან თანხა აღარ გაენაწილებინათ.

„ეს კაცი არასდროს არ ჩანდა დარბაზში. გამოჩნდებოდა ხოლმე მხოლოდ პრემიების პერიოდში და ბოლოს ვუთხარით, სოსო შენ ჩვენგან ვეღარაფერს მიიღებო“, – ამბობს კვიკვინია.

„ამის მერე ეს ადამიანი საერთოდ დაიკარგა, როგორც მანამდე არ ჩანდა ისე. დაიკარგა და ბოლოს წერილობით მოგვმართა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, უნდა შევიკრიბოთ და რაღაც გადაწყვეტილებები მივიღოთო. თუმცა იქვე ეწერა, ასევე, „მწვრთნელების ჩანაცვლებასთან დაკავშირებითო“, – დასძენს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

მკლავჭიდის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ამბობს, რომ ჯაჭვლიანი მისი და კიდევ 3 მწვრთნელის სხვა მწვრთნელებით ჩანაცვლებას ხვალ დაგეგმილ გამგეობის სხდომაზე აპირებს. ანაცვლებს იმ ხალხით, ვინც თავის დროზე ფედერაციიდან უმოქმედობის გამო გაუშვეს. ამ ეჭვის საფუძველი კი ისაა, რომ ჯაჭვლიანმა მათ სამწვრთნელო ლიცენზიები დაურიგა, როცა მათ – მოქმედ მწვრთნელებს 3 წელია, ამ ლიცენზიებს არ აძლევს.

„ისეთი ხალხით ჩაანაცვლებს, ვისთანაც ამ „ატკატზე“ საუბარიც არ ექნება. წინასწარ იქნებიან შეჯერებულები და მოლაპარაკებულები“, – ამბობს კვიკვინია.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ამბობს, რომ ჯაჭვლიანს მწვრთნელების გასათავისუფლებლად არგუმენტები არ აქვს. მკლავჭიდის ეროვნული ნაკრები ბოლო წლებია, დიდი წარმატებით გამოდის და არაერთი მედალი მოიპოვა.

საქართველოს პარამკლავჭიდის მთავარი მწვრთნელი ვასილ დაუთაშვილი კი დასძენს, რომ მკლავჭიდის ფედერაციაში გადწყვეტილებებს იღებს სოსო ჯაჭვლიანი და გამგეობა, რომელშიც ისეთი წევრები არიან, ვისაც მკლავჭიდთან შეხებაც არ აქვს.

„ჰყავს გამგეობაში ხალხი, რომელთაც არ ვიცნობ. სპორტსმენებთან შეხება არ აქვს. იმან რა იცის, მე როგორ ვიმუშავე და ხვალ კი ხელი უნდა ასწიოს ჩემ გაშვებაზე. საერთოდ არ მიცნობს და რანაირად?! არავინ არ ჰყავს გამგეობაში ისეთი, რომ სპორტზე გული შესტკიოდეს“, – ამბობს დაუთაშვილი.

„პუბლიკა” დაუკავშირდა სოსო ჯაჭვლიანს, რომელიც ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს. მისი კომენტარის მოპოვების შემთხვევაში, მასალა განახლდება.