მნიშვნელოვანია პრინციპული პოზიციის გაჟღერება და სოლიდარობის ჩვენება - ჰარცელი რეზოლუციაზე

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა პრინციპული პოზიცია გამოხატოს უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ, ამიტომ ის მიესალმება, ზოგადად, რეზოლუციის მიღებას.

რაც შეეხება მის ფორმულირებას, ჰარცელის თქმით, ეს კომპლექსური საკითხია და ამიტომ კომენტარს არ გააკეთებს. თუმცა იმედოვნებს, რომ რეზოლუციას ფართო მხარდაჭერა ექნება.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ახლა ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან, ასევე სხვებისგან – იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენ არა მხოლოდ განცხადებებს ვაკეთებთ და ვიცავთ ჩვენს პრინციპებს, ასევე უზრუნველვყოფთ, რომ შესაბამისი მოქმედებებია მომზადებული ჩვენი პრინციპების დასაცავად.

ეს არის პრინციპები, რომელსაც აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა ფართო რეგიონისთვის, ასევე საქართველოსთვის.

რაც შეეხება რეზოლუციის კონტექსტს, მე მივესალმები ამ რეზოლუციას, როგორც ასეთს და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამისი მოსმენა საქართველოს პარლამენტიდან, მათი პრინციპული პოზიციის გაჟღერება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება და ასევე, მნიშვნელოვანია სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა და მისი მოსახლეობა იმსახურებს ამ მომენტში.

რაც შეეხება პროექტს და მის ფორმულირებას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს კომპლექსური საკითხია. ვიმედოვნებ, საბოლოოდ იქნება ფართო მხარდაჭერა ამ რეზოლუციის მიმართ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა (საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი).

დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის იმ პროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა.

პროექტმა მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატების მხარდაჭერა მიიღო.

ხანგრძილივი და ხმაურიანი განხილვის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ რეზოლუციის ტექსტში ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ფორმულირება არ გაითვალისწინა.

ოპოზიცია მოითოხვდა, კენჭისყრაზე დამდგარიყო რეზოლუციაში ერთი კონკრეტული წინადადების ჩამატების საკითხი, რომლითაც ხაზი გაესმებოდა რუსეთის როლს უკრაინის მოვლენებში.