მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებულად, წყნარ რეჟიმში შევიძინოთ სურსათი – ლევან დავითაშვილი

პუბლიკა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი  აცხადებს, რომ ქვეყანაში დეფიციტის შექმნის რისკი ნამდვილად არ არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებულად, წყნარ რეჟიმში შევიძინოთ სურსათი. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო საგანგებო რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს, კავშირები აქვს ყველა მომწოდებელთან და შესაბამისად, ამ მხრივ შეფერხება არ იქნება.

„სურსათის მარაგთან დაკავშირებით, სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს ძირითადი სასურსათო კატეგორიების მონიტორინგს, იმისთვის, რომ ქვეყანაში დეფიციტი არ შეიქმნას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიგოს, რომ არ იყოს პანიკური მოთხოვნილება. პანიკის შემთხვევაში ეს გამოიწვევს ფასების ზრდას, რაც მოსახლეობას დააზარალებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ გაითავისოს, რომ რისკი ქვეყანაში დეფიციტის შექმნის ნამდვილად არ არსებობს და მნიშვნელოვანია, ორგანიზებულად, წყნარ რეჟიმში შევიძინოთ სურსათი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სატვირთო გადაზიდვაზე, მგზავრების გადაადგილებისგან განსხვავებით, შეზღუდვის რეჟიმი არ მოქმედებს. „სხვა მხრივ, სამინისტრო საგანგებო რეჟიმში წარმართავს მონიტორინგს. გვაქვს კონკრეტული კავშირი ყველა მომწოდებელთან. მნიშვნელოვანია, რომ მოწოდების კუთხით არ იქნება შეფერხებები. მათ შორის სატვირთო გადაზიდვა არის ცალკე რეჟიმში, განსხვავებულია მგზავრების გადაადგილებისგან და ეს იმისთვის, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას რაიმე ტიპის სურსათზე დეფიციტი. ძირითად სასურსათო კატეგორიებზე –  ხორბალი, ფქვილი, ბურღულეული, ზეთი და სხვა, ჩვენ გვაქვს უწყვეტი მოწოდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.