მოამზადეთ პირბადეები და ერთჯერადი ცხვირსახოცები

დავით ბუხრიკიძე

თქვენ ისინი თეატრებში, საკონცერტო დარბაზებსა თუ მუზეუმებში დაგჭირდებათ.

როგორც ჩანს, კულტურის სივრცეებს აკრძალვის ჯადო მალე მოეხსნებათ და ადამიანები თეატრში, მუზეუმებსა და საკონცერტო დარბაზებში სიარულს, ბოლოს და ბოლოს, შეძლებენ.

თუმცა ამისთვის მათაც და ამ სივრცეების მფლობელებსაც შეზღუდვებისა და აკრძალვების ურიცხვი რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ.

ჯანდაცვის სამინისტრომ და შრომის პირობების დეპარტამენტმა შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურის ღონისძიებების ის ზოგადი რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელთა დაცვა სავალდებულო ხდება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება № 01-227, კერძოდ, 25-ე დანართი გვაუწყებს:

სპექტაკლების, კონცერტების თუ სხვა სახის ღონისძიებების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.

თეატრალური წარმოდგენა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე.

შიდა სივრცეში ადმინისტრაციამ დაახლოებით 4-5 კვადრატულ მეტრის ფარგლებში ორ ადამიანზე მეტი არ უნდა დაუშვას და სივრცე ისე უნდა მონიშნოს, რომ არ მოხდეს რამდენიმე ადამიანის კონცენტრაცია.

დახურულ სივრცეში სტუმრები და მაყურებლები მხოლოდ ნიღბებით დაიშვებიან.
სარეპეტიციო სამუშაო გრაფიკი უნდა შედგეს ისე, რომ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის წევრები არ იმყოფებოდნენ უშუალო კონტაქტში ერთმანეთთან.

სარეპეტიციო დროის ხანგრძლივობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არ აღემატებოდეს ორ საათს.

ორგანიზატორებმა უნდა უზრუნველყონ ცვლებს შორის ინტერვალი – მინიმუმ 1-1,5 საათი. ორკესტრის/გუნდის/მომღერალთა ანსამბლის სცენაზე განთავსების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს 2-მეტრიანი დისტანცია.

გასახდელებსა და საგრიმიოროში მსახიობებისთვის დაცული უნდა იყოს უსაფრთხო დისტანცია. მაქსიმალურად უნდა შემცირდეს რეპეტიციების, კონცერტებისა და სპექტაკლების დროს გამოყენებული რეკვიზიტების რაოდენობა.

აიკრძალება ერთი კოსტიუმის ამ სპეციალური ტანისამოსის გამოყენება ერთზე მეტი მსახიობის მიერ, სხვა შემთხვევაში აუცილებელია მათი დეზინფექცია.

კონცერტის, სპექტაკლისა თუ სარეპეტიციო სამუშაოს დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელია გამოყენებული ტექნიკური თუ შემოქმედებითი საქმიანობის საშუალებების დეზინფექცია.

იმ შემთხვევაში, როდესაც არ და ვერ ხერხდება სივრცის ბუნებრივი ვენტილაცია, აუცილებელია ხელოვნური ვენტილაცია გარედან შემოტანილი ჰაერის ცირკულაციით.
ბილეთების გაყიდვისთვის გამოყენებული იქნება  ელექტრონული სისტემა. ბილეთების სალაროდან გაყიდვის შემთხვევაში, ნაღდი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით, გამოიყენება პლასტიკური ბარათით გადახდის სერვისი, ხოლო ნაღდი ფულით გადახდის შემთხვევაში მოლარე აღჭურვილი უნდა იყოს ხელთათმანებით. სალაროსთან განათავსდება ხელის 60-70%-იანი სადეზინფექციო საშუალებები.

ორგანიზატორებმა შენობაში მხოლოდ ის თანამშრომლები უნდა დაუშვან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ღონისძიებაში, ან მათი ყოფნა აუცილებელია ღონისძიების ჩატარებისათვის. სასურველია სასცენო სივრცეში დეკორაციებისა და რეკვიზიტების მინიმალური რაოდენობის გამოყენება.
სტუმართათვის განკუთვნილი ადგილები უსაფრთხო მანძილისა და დისტანციის დაცვით უნდა გადანაწილდეს. ნიღბების გარეშე სტუმრების შენობაში შესვლა აკრძალულია.

სტუმართა დიდი რაოდენობის კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია გამსვლელებსა და რიგებში უსაფრთხო დისტანციის მონიშვნა; დახურულ სივრცეში სტუმართა დაშვება მხოლოდ ნიღბით; სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის ან ფურშეტის) შეთავაზების აკრძალვა, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიებას.