მოგიწოდებთ, ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე – რიჟვაძე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართავს

პუბლიკა

„თავს ვალდებულად მივიჩნევ, ამ ოცკაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული ბელადი არ ღირს იმად, რომ თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებლის კადრებაზე საუბრობდეს მთელი აჭარა“, – ასე მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მთავრობის სხდომიდან.

„გუშინ რადგან ერთი რიგითი ბათუმელიც შეწუხდა ეგრეთწოდებული ,,მარგინალების” ზღვარგადასული პროტესტით, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ამ ოცკაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული ბელადი არ ღირს იმად, რომ თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებლის კადრებაზე საუბრობდეს მთელი აჭარა. ამ კუთხის შვილები ხართ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე ისე, რომ მეზობელს მისალმება არ შერცხვეს და ნათესავს კიდე ოჯახში შეშვება და საბოლოო ჯამში ნუ მოიქცევით ისე, რომ მშობლები საკუთარ შვილებს ეუბნებოდნენ, რომ ასეთები არ გაიზარდოთო” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის სხდომა საპროტესტო აქციის მონაწილეების საყვირების ხმის ფონზე მიმდინარეობდა.

დილიდან საპროტესტო აქცია განახლდა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან. დღეს იქ მთავრობის სხდომა იმართება. აქციის მონაწილეები საყვირებით მივიდნენ და კვლავ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. შეხლა-შემოხლა მოხდა პოლიციასთანაც, დაკავებულია 2 პირი.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.