მოლაპარაკების IV რაუნდის წინ ოპოზიცია „ლელოს“ ოფისში შეიკრიბა

პუბლიკა

მოლაპარაკების IV რაუნდის წინ ოპოზიცია „ლელოს“ ოფისში შეიკრიბა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, არც ერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის დეპუტატი მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შევა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ დასრულდეს „მითქმა-მოთქმა“, უნდა გასაჯაროვდეს დოკუმენტი, რომელზეც „ოცნებასთან“ მსჯელობენ. მელია დარწმუნებულია, რომ ეს დღეს მოხდება.

„ამ მითქმა-მოთქმას ბოლო რომ მოეღოს, ალბათ, მნიშვნელოვანია, გასაჯაროვდეს ის დოკუმენტი, რაზეც საუბარი მიმდინარეობდა ამ დღეების განმავლობაში, რაზეა „ქართული ოცნება“ წამომსვლელი, რაზე თანხმდება ან არ თანხმდება ოპოზიცია, ვინ თანხმდება, ვინ არ თანხმდება… ერთხელ და სამუდამოდ, ამ ყველაფერს წერტილი დაესმება დღეს. დარწმუნებული ვარ.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, არც ერთი დეპუტატობის კანდიდატი თუ უკვე დეპუტატი, ნებისმიერი ბარიერგადალახული პარტიიდან, არ შევა; არც ერთი დეპუტატი, არც ერთი ოპოზიციონერი არ შევა, არ იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი.

ვინმე თუ შევა, ეს არ იქნება ოპოზიციონერი და არც დეპუტატი, ეს იქნება პუფი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციას სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს: ახალი არჩევნები, პატიმრები და საარჩევნო სისტემა. მისივე თქმით, პირველი ორი კომპონენტის გარეშე მიდის მსჯელობა საარჩევნო სისტემის რეფორმაზე.

„პირველი ორის გარეშე მესამეზე მიმდინარეობს საუბარი, პრაქტიკულად. პატიმრებისა და ახალი არჩევნების გარეშე მესამე კომპონენტზე საუბარი მიმაჩნია დროის ფუჭად კარგვად“, – თქვა მან.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ დეპუტატები პარლამენტში შესვლზე ფიქრობენ. ვახტანგ მეგრელიშვილმა და სერგო ჩიხლაძემ მედიასთან ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.

„ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ჩვენ სამნი [ხვიჩია, მეგრელიშვილი, რაქვიაშვილი], გიორგი ვაშაძე და ელისაშვილი შევდიოდით პარლამენტში.

„ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ფეხის შემდგმელი არ ვარ. თუ დავარწმუნეთ „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენთან ერთად შემოვიდეს, რა თქმა უნდა, შევალთ. მართლა ვიძახი. რაღაცები მომწონს და მინდა, დამეხმაროს „ნაციონალური მოძრაობა“ იმ შედეგის მიღებაში, რომელიც, ყველამ იცის, მინდოდა და ჩვენ ყველას გვინდოდა. ეს სასამართლო რეფორმას არ ეხება და მინდა, საჯაროობის უფლება მივიღო ჩვენს ამომრჩეველსაც, თქვენც დიდი სიამოვნებით დაგელაპარაკებით“, – განაცხადა „გირჩის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ეს გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მოლაპარაკებები არ დასრულებულა და მისი თქმით, ფუნდამეტურ საკითხებზე [არჩევნები ან პლებისციტი, პატიმრები…] შეთანხმება არ შემდგარა.

„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს არსად შესვლას და გამოსვლას“, – განაცხადა ჩხილაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციის იმ ნაწილმა, ვისაც მიაჩნია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არჩევნებზე მოლაპარაკების ნაწილში პროგრესია, თავისი პოზიცია უნდა ახსნას.

„დაასაბუთონ, რას ნიშნავს პროგრესი. არის ეს საფუძველი, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში? დაასაბუთონ და იყვნენ გამჭვირვალეები ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა ხოშტარიამ.

მოლაპარაკების IV რაუნდი, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში დაიწყება.