მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ შშმ პირი დუტა ჯავახიშვილი 5000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ შშმ პირი დუტა ჯავახიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა.

კანონი შშმ პირებისთვის პატიმრობის ნაცვლად 5000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.

დუტა ჯავახიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო 7 თებერვალს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავებოდა.

„იმის დასადგენად, შშმ პირი აცნობიერებდა თუ არა ჩადენილ ქმედებას“ მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო პროცესზე დაიბარეს და გამოკითხეს ექიმები. ბოლო სასამართლო პროცესზე კი გამოკითხეს სამხარაულის ექსპერტი. ექიმების გამოკითხვის ნაწილი დამსწრე საზოგადოებისთვის დახურული იყო.

როგორც თავად დუტა ჯავახიშვილის, ასევე ადვოკატების შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება ექიმების გამოკითხვის თაობაზე დისკრიმინაციულია. ჯავახიშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, მათ დააყენეს შუამდგომლობა ექსპერტის აცილების თაობაზე, ვინაიდან ადვოკატების შეფასებით, ამის არც საჭიროება იდგა და არც სამართლებრივი საფუძველი. თუმცა მათი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

„ზოგადად, ტენდენცია არის დისკრიმინაციული და დაუშვებელი. არ შეიძლება, ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობით ასე ითამაშოს სასამართლომ და თვითონ გადაწყვიტოს, რომელი ექსპერტი როდის მოიწვიოს და რომელ ექსპერტს გაუზიაროს პერსონალური მონაცემები. ამას საერთოდ სხვა სტანდარტი სჭირდება. ადამიანის შერაცხადობის საკითხი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არის განსაზღვრული. ამას ძალიან მკაფიო და მკაცრი კრიტერიუმები სჭირდება და საერთოდ არ არის მოსამართლის საქმე“, – განმარტა თამარ გაბოძემ.

გუშინ, 14 მაისს, სასამართლომ კიდევ ერთი შშმ პირის მიმართ ტროტუარის გადაკეტვის საქმეზე გამოაცხადა გადაწყვეტილება. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ დავით პაპაშვილის წინააღმდეგ ტროტუარის გადაკეტვის საქმის წარმოება შეწყვიტა.