„ოპოზიციის ალიანსი“ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო 6 მოთხოვნას ასახელებს

პუბლიკა

„ოპოზიციის ალიანსი“ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც, მათი თქმით, აუცილებელია საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გასამართად.

ალიანსის განცხადებით, მოთხოვნების შესრულება საზოგადოებას დაუბრუნებს ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში, „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ცვლილებით დასრულდება.“

„ოპოზიციის ალიანსს „ქართული ოცნების“ შეცვლა მთავარ ამოცანად აქვს დასახული, პირველ რიგში, ეს მიგვაჩნია სამართლიანი და თანასწორი არჩევნების, როგორც მთავარი ინსტრუმენტის გზით, მაგრამ სანამ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება; პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა; ასევე, იმ რეპრესიული კანონების გაუქმება, რომლებმაც, ფაქტობრივად, ჩამოშალა ან ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე მიაყენა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, კრიტიკულ მედიას, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებსა და სხვა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს დემოკრატიისთვის.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გასამართად აუცილებელია, შესრულდეს 6 ძირითადი მოთხოვნა:

  1. საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს, უნდა გახდეს სრულად პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებული. 2020-2024 წლის არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლით; ყველა შემდეგი კომისია უნდა დააკომპლექტოს ახალმა კომისიამ სწორედ ამ პრინციპით. 2024 წლის არჩევნებს, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევთ ლეგიტიმურად, თუმცა ბარიერგადალახულის პრინციპიდან გამომდინარე ვიღებთ ამ მაჩვენებელს.
  2. ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ საარჩევნო ხმის უფლება და მათთვის გამარტივდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. უბნები გაიხსნას ქვეყნით გარეთ, სადაც იქნება ემიგრანტების ის რაოდენობა, რაც დოკუმენტშია ასახული.
  3. სანდო კომისიასთან ერთად მნიშვნელოვანია სანდო ტექნოლოგიები. საამისოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი, ამიტომ დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები.
  4. ასევე, მნიშვნელოვანია, აუდიტისა და შესწავლის/შემოწმების ნაწილში მოვიწვიოთ სანდო საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს როგორც აპარატებს, ისე კენჭისყრის დღის პროცესს.
  5. გაიხსნას ამომრჩეველთა სია და შესაძლებელი გახდეს ამომრჩევლის მონაწილეობის გასაჯაროება.
  6. საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოში შეიქმნას საარჩევნო დავების განმხილველი კოლეგიები, რომლებიც შერჩეული იქნება საერთო შეთანხმების საფუძველზე.

სწორედ ამ 6 პრინციპის, მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში ჩვენ, ოპოზიციურმა ალიანსმა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, თუნდაც მინიმალური სტანდარტის დაცვით, არჩევნების ჩატარების ლეგიტიმურობა, რომელიც არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

2024 წლის არჩევნებში საარჩევნო პროცესების უხეში დარღვევისა და დიდი რაოდენობით მანიპულაციების შედეგად არჩევნების შედეგებზე მოხდა ზეგავლენა. შესაბამისად, შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, ზუსტად ამ პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად და ნორმალურ, სამართლიან, თავისუფალ გარემოში არჩევნების გასამართად აუცილებელია ამ 6 პირობის შესრულება, რაც ამომრჩეველს გაუჩენს ნდობას საარჩევნო პროცესების მიმართ და საბოლოო ჯამში შეცვლის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას”. – ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

ალიანსის მოთხოვნებს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ „2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით“.

„ამის პირობას ვაძლევ ყველას. დღევანდელი კანონმდებლობა აბსოლუტურ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, – თქვა კობახიძემ.