მოსამართლემ ვარლამ გოლეთიანი და აქციაზე დაკავებული კიდევ 5 ადამიანი სამართალდამრღვევად არ ცნო

პუბლიკა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეების გასხვისების საწინაარმდეგო აქციაზე 18 ნოემბერს დაკავებული 8 ადამიანის პროცესი გაიმართა. მათ შორის იყო მოძრაობა „რიონის ხეობის გადაღჩენისთვის“ აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი და „მაუწყებლის“ წარმომადგენლი რატი რატიანი.

მოსამართლე დავით წერეთელის გადაწყვეტილებით, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი აქტივისტი – გელა ქეთელაური და ოთარ ლობჟანიძე ცნო სამართალდამრღვევად და სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა, ხოლო დანარჩენი 6 ადამიანი არ ცნო სამართალდამრღვევად და შეწყდა მათ მიმართ საქმის წარმოება.

რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენციის სრულად გაუქმებას მოითხოვდნენ.

27 სექტემბრიდან მათ ონში, მერიის წინ კარავი გაშალეს. დაახლოებით 2 თვის უშედეგო პროტესტის შემდეგ 18 ნოემბერს თბილისში ჩამოვიდნენ და აქცია გამართეს. ისინი დღემდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კარავში რჩებიან.

გუშინ ეროვნული სააგენტოს უფროსის, ვასილ გედევანიშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია გაუქმდა.