მოვუწოდებთ მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას - ქარტია

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „პრაიდი კვირეულთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება და 5 ივლისს, „ღირსების მარშით“ დასრულდება. ამასთან დაკავშირებით ულტრარადიკალურმა ჯგუფებმა კვირეულის წინააღმდეგ აქციები დააანონსეს.

ქარტია მოუწოდებს მედიას გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას.

„დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება და მისი შეზღუდვის უფლება არავის აქვს. შესაბამისად, აუცილებელია მედიამ გამოიჩინოს წინდახედულება და ეთიკურად გააშუქოს პრაიდის კვირეული.

მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო ქმედებები განახორციელოს, “- ამბობენ ქარტიაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

  • ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაშუქებისას საზოგადოებას მიაწოდეთ ინფორმაცია მათი მიზნებისა და მოტივაციების შესახებ;
  • ეცადეთ ხელი არ შეუწყონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის წახალისებას;
  • სიძულვილის ენის შემცველი მასალის განთავსებისას ცხადად უნდა გამოკვეთოთ გაშუქების მიზანი. აჩვენეთ, რომ ემიჯნებით ამგვარ გამონათქვამებსა და პოზიციას. გამიჯვნა არ გულისხმობს მაინცდამაინც სიტყვიერად მითითებას „ვემიჯნებით რესპონდენტის მოსაზრებებს”. შესაძლებელია, სხვა ფორმით და სხვა ტექსტით არ გაიზიაროთ რესპონდენტის პოზიცია;
  • არ დაუთმოთ ეთერი ძალადობისკენ მოწოდებებს, სიძულვილის ენას.