მთავრობა სასტუმრო ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის სესხის სუბსიდირებას აგრძელებს

პუბლიკა

წინასაარჩევნოდ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სასტუმრო ბიზნესში ჩართულ კომპანიებს სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა ექვსიდან თორმეტ თვემდე გაუგრძელოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პირველი ანტიკრიზისული ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, ეს იყო ტურისტული სექტორისა და პირველ რიგში, სასტუმრო ბიზნესის დახმარება. ეს იყო პირველი ნაბიჯი და სულ რაღაც სამ თვეში აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო საკმარისი. ამიტომ ჩვენ ამ კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანსების პროგრამა გავუგრძელეთ სამი თვიდან ექვს თვემდე. და რადგან უკვე ჩანს, რომ ესეც არ იქნება საკმარისი, დღეს ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა გავაგრძელოთ ექვსიდან თორმეტ თვემდე – ერთი წლით. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, სექტორს დავუდგეთ გვერდით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ფრთხილად, მაგრამ ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევენ, ტურიზმის სექტორი ჯერ კიდევ წნეხის ქვეშ  არის. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ სექტორს დავეხმაროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.