მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი – 144 შეფერხებით მუშაობს

პუბლიკა

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ერთიანი ცხელი ხაზი – 144 შეფერხებით მუშაობს. „პუბლიკასთან“ ერთ-ერთი მოქალაქე მიშა კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ცხელი ხაზის შეფერხება გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც 3000 ლარით დააჯარიმეს.

მიშა კაჭკაჭიშვილი „პუბლიკასთან“ ჰყვება, რომ რამდენიმე დღის წინ ნაპოვნ ლეკვს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, 144-ს კი ვერაფრით დაუკავშირდა, რომ სპეციალური ნებართვა აეღო. შემდეგ ლეკვი ვეტკლინიკაში თავად წაიყვანა მანქანით. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ კი პოლიციამ მსუბუქ ავტომანაქანებზე დაწესებული რეგულაციის დარღვევისთვის დააჯარიმა.

იმის გასარკვევად, საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული რეგულაციის პირობებში როგორ უნდა მოხდეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველის ვეტექიმთან წაყვანა, 144-ზე დარეკვა და ცხელ ხაზთან დაკავშირება „პუბლიკამაც“ სცადა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ცხელ ხაზს ვერ დავუკავშირდით.

„პუბლიკას“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ცხელი ხაზი შესაძლოა, შეფერხებებით მუშაობდეს, რადგან 144-ზე ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანი ცდილობს დარეკვას, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ცხელ ხაზს სერიოზული შეფერხება არ აქვს, მხოლოდ მცირე ხარვეზებია და დღეში 20 000 ადამიანს ემსახურება. ცხოველის ავტომანქანით წასაყვანად კი სპეციალური ნებართვაა საჭირო, რომელსაც მოქალაქეები 144-ზე დარეკვითა და შემდეგ 1-ის აკრეფვით შეძლებენ. ნებართვის გარეშე კი ყველა მოქალაქე საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდება.