მუნიციპალიტეტს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დემონტაჟი – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერიის მიერ ორხევის ტერიტორიაზე საცხოვრისების ნგრევის შესახებ და მუნიციპალიტეტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დემონტაჟის პროცესი და უზრუნველყოს დაზარალებული ადამიანები გრძელვადიანი საცხოვრისითა და საჭირო სერვისით.

თბილისის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურმა საცხოვრისების დემონტაჟი დილის 7 საათიდან დაიწყო და ამ ეტაპზე 5 სახლის დანგრევა შეძლო. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული შენობები უსახლკარო ადამიანებმა თვითდახმარების მიზნით ააშენეს და საცხოვრისის დანიშნულებით გამოიყენებოდა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონის ფორმალურად დაცვის მოტივით საცხოვრისების დემონტაჟის პროცესი და გაიაზროს ადამიანების სოციალური დაცვისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის საკუთარი ვალდებულებები. არსებითია, რომ მერიამ, ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეზე რელევანტურ სხვა აქტორებთან ერთად, უზრუნველყოს საცხოვრისის პოლიტიკისა და ღირსეული სერვისების ჩამოყალიბება და გაფართოება და არ დაუშვას სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების უგულებელყოფა და მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის კიდევ უფრო დიდი საფრთხის შექმნა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ორგანიზაცია მიმართავს:

თბილისის მუნიციპალიტეტს:

  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ორხევში საცხოვრისების დემონტაჟის პროცესი და დაიწყოს მუშაობა ამგვარ საცხოვრისებში მცხოვრებთა საჭიროებების, მათ წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისათვის;
  • შეისწავლოს დემონტაჟის პროცესში დაზარალებული პირების საჭიროებები და უზრუნველყოს ისინი რელევანტური მხარდამჭერი მექანიზმებით, მათ შორის, ადეკვატური საცხოვრისით;
  • დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და მისი აღსრულებისას პრიორიტეტულად მიიღოს მხედველობაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს:

  • უმოკლეს ვადაში შეიმუშაოს საცხოვრისის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც უსახლკარობასთან ბრძოლის ზოგადი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბების პარალელურად, მოახდენს გამოსახლების, მათ შორის, დემონტაჟის, შემთხვევების პრევენციასა და მინიმუმამდე დაყვანას.

საქართველოს მთავრობას და პარლამენტს:

  • მოხდეს საცხოვრისის დემონტაჟისას ადამიანების შენობიდან გამოყვანის აღიარება გამოსახლების ფორმად და მასზე გავრცელდეს მორატორიუმის რეჟიმი;
  • განხორციელდეს გამოსახლების მარეგულირებელი კანონმდებლობის, ასევე პოლიტიკისა და პრაქტიკის სრული ჰარმონიზაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან.