მერცი გამოდის ინიციატივით, უკრაინა ევროკავშირს ასოცირებული წევრის სტატუსით შეუერთდეს

პუბლიკა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გამოდის ინიციატივით, უკრაინა ევროკავშირში „დაყოვნების“ გარეშე მიიღონ.

მერცის მიერ წამოყენებული წინადადების მიხედვით, უკრაინას უნდა მიენიჭოს „ასოცირებული წევრის“ სტატუს ევროკავშირის ინსტიტუტებში, როგორც შუალედური ნაბიჯი გაწევრების გზაზე.

ასოცირებული წევრის სტატუსი ევროკავშირში ამ ეტაპზე არ არსებობს.

მისი განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს შეთანხმების მიღწევას რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ომის დასასრულებლად.

რამდენიმე დასავლურმა მედიამ, მათ შორის Reuters-მა და Euractiv-მა მოიპოვეს მერცის წერილი, რომელიც მან ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და კვიპროსის ლიდერ ნიკოს ქრისტოდულედესს (როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტს) და რომელშიც უკრაინის „ასოცირებულ წევრობაზე“ წინადადება შესთავაზა.

მერცი ევროკავშირის ლიდერებს ასევე სთავაზობს, აიღონ „პოლიტიკური ვალდებულება“ უკრაინაზე ბლოკის ომხრივი დახმარების პუნქტის გავრცელების შესახებ, რათა „უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების არსებითი გარანტია“.

თუმცა, ევროპელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ უკრაინის მიერ უახლოეს წლებში ბლოკის სრული წევრობის მიღწევა არარეალისტურია, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის განხილულ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში მიზნობრივ თარიღად 2027 წელი იყო მონიშნული.

მერცის წინადადება არის მცდელობა, მოიძებნოს ოქროს შუალედი სწრაფ გაწევრებასა და უკრაინის ამჟამინდელ სტატუსს შორის, რაც არის გაწევრების პროცესის დასაწყისში მყოფი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ევროკავშირში გაწევრების პროცესი, როგორც წესი, ხანგრძლივი და ბიუროკრატიულია; ის მოიცავს დეტალურ მოლაპარაკებებსა და სამართლებრივ რეფორმებს ევროკავშირის დემოკრატიულ და ეკონომიკურ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის.

ევროკავშირში მიღება მოითხოვს კავშირის 27-ვე წევრის თანხმობასა და რატიფიკაციას.

თავის წერილში ფრიდრიხ მერცი საუბრობს იმ სარგებელზე, რომელიც შეიძლება, უკრაინამ მიიღოს, როგორც ასოცირებულმა წევრმა.

თავის წერილში მერცი საუბრობს იმ პოტენციურ სარგებელზე, რომელიც შეიძლება, უკრაინამ ასოცირებული წევრობით მიიღოს და რომელიც გულისხმობს ევროკომისიაში უკრაინელი ასოცირებული კომისრისა და ევროპარლამენტში წარმომადგენლების ყოლას, თუმცა ხმის უფლების გარეშე.

გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, რომ შესაძლოა ამოქმედდეს ე.წ. „უკუგების მექანიზმი“ ან გარკვეული ვადის გასვლის პუნქტი, თუ უკრაინა უკან დაიხევს კანონის უზენაესობის სტანდარტებიდან ან გაწევრების პროცესიდან.

მისი თქმით, ეს წინადადება გავლენას არ მოახდენს სხვა კანდიდატ ქვეყნებზე. მან ევროკავშირს მოუწოდა, „მოიძიოს ინოვაციური გადაწყვეტილებები“ მათთვის, ვინც უკვე დიდი ხანია მუშაობს ევროკავშირში გაწევრებაზე.

მერცმა განაცხადა, რომ გეგმავს თავისი იდეები ევროპელ კოლეგებთან განიხილოს.

„ჩემი მიზანია, შეთანხმებას მალე მივაღწიოთ და შევქმნათ სპეციალური სამუშაო ჯგუფი დეტალების შესამუშავებლად,“ – წერს გერმანიის კანცლერი.