ავტორი: აითან ფარჰადოვა
17-22 მაისს აზერბაიჯანმა მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიას (WUF13) უმასპინძლა, რომელიც ქვეყნისთვის 2024 წლის ნოემბერში გამართული ყველაზე მასშტაბური გლობალური ღონისძიებაა COP29-ის შემდეგ. გახსნით სიტყვაში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა „ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის რეკონსტრუქციაა“.
მისი თქმით, „დიდი დაბრუნების“ პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანმა ააშენა დაახლოებით 33 გვირაბი, რომელთა საერთო სიგრძე 70 კილომეტრზე მეტია, იგეგმება კიდევ ხუთის მშენებლობა. ალიევისვე თქმით, ორ რეგიონში აშენდა 435 ხიდი, ელექტროსადგურები, წყალსაცავები, სახლები, სკოლები და საავადმყოფოები.
ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე ტერიტორიები „30 წლის განმავლობაში სომხეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა“ და „სრული განადგურება და აოხრება განიცადა“.
რეგიონი 2023 წლის სექტემბერში ხანმოკლე შეტაკებების შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა, რასაც მთიანი ყარაბაღის კაპიტულაცია და სომხური მოსახლეობის მასობრივი გადინება მოჰყვა.
„საერთაშორისო დამკვირვებლები და სტუმრები აღდამს ჰიროსიმას ადარებდნენ. მათ მას „კავკასიის ჰიროსიმა“ უწოდეს, რადგან ეს ქალაქი უბრალოდ არ არსებობდა“, — თქვა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე 85 000-ზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს.
„სწორედ ასე იქცევიან მიწის პატრონები, განსხვავებით იმათგან, ვინც მხოლოდ დასანგრევად, გასანადგურებლად და ტანჯვის მოსატანად მოდის“, – თქვა ალიევმა.
გასულ კვირას შუშაში პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აიდინ ქარიმოვმა მთიან ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურში დასახლებული აზერბაიჯანელების ოდნავ ნაკლები რაოდენობა – 80 000-ზე მეტი ადამიანი დაასახელა.
სანამ აზერბაიჯანის მთავრობა რეკონსტრუქციას თავის ერთ-ერთ მთავარ მიზნად აყალიბებდა, პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა აზერბაიჯანულ სამთავრობო მედია APA-ს განუცხადა, რომ „აზერბაიჯანის ძალისხმევა ამ სფეროში უნიკალურია“.
„დღეს შეიძლება ითქვას, რომ არცერთ სხვა ქვეყანას არ აღუდგენია თითქმის ცხრა ქალაქი და 300-ზე მეტი სოფელი და დასახლება საკუთარი ეროვნული და ფინანსური რესურსებით იმ მასშტაბით, როგორც ეს აზერბაიჯანმა გააკეთა. პოსტკონფლიქტური ურბანული და დასახლებების აღდგენის საკითხი განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს“, – თქვა ჰიქმეთ ჰაჯიევმა.
ბუნებრივი აირისა და ნავთობის შეთანხმებები WUF13-ის ფარგლებში
WUF13-ის კულუარებში ალიევი შეხვდა მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს, მათ შორის 17 მაისს – სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს. APA-ს ცნობით, ვუჩიჩი ასევე დაესწრო ბიზნესშეხვედრას აზერბაიჯანში მომუშავე მეწარმეებთან.
სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა იპოვის „თანამშრომლობის სფეროებს“ და რომ სერბული მხარე „ცდილობს აზერბაიჯანელი ინვესტორების მოზიდვას“ სერბეთის კურორტებსა და მთიან რეგიონებში.
მან დასძინა, რომ სერბი ინვესტორები ასევე დაინტერესებულნი არიან ინვესტიციებით ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვა რეგიონებში.
ალიევმა შეხვედრები გამართა საქართველოს დელეგაციასთანაც, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა. მხარეები შეთანხმდნენ 26 მაისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე ყოველდღიური სამგზავრო მატარებლის მიმოსვლის განახლებაზე.
სხვა შეთანხმებები ეხებოდა აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდებას; ასევე შეთანხმებებს, რომლებიც ითვალისწინებს საერთაშორისო ბაზრებზე აზერბაიჯანული გაზის დამატებითი მოცულობების მიწოდებისთვის ტრანზიტული მექანიზმების გაგრძელებას.
მხარეებმა ხელი მოაწერეს საკოორდინაციო საბჭოს ოქმს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებითაც.
გარდა ამისა, შეთანხმების თანახმად, ელექტროენერგია მიეწოდება როგორც საქართველოს, ასევე საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაეცემა თურქეთს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა ასევე გააფორმა შეთანხმება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“, რათა „განისაზღვროს კომპანიის საქმიანობის პირობები დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის საქართველოს მონაკვეთზე, სუფსის ნავთობტერმინალისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ჩათვლით“.
19 მაისს ალიევმა მიიღო ტომაშ ტარაბა – სლოვაკეთის ვიცე-პრემიერი და გარემოს დაცვის მინისტრი.
ტარაბამ განაცხადა, რომ „სლოვაკეთი ყოველთვის აზერბაიჯანის გვერდით იდგა“ და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი „საიმედო მიმწოდებელი იყო ყოველ ჯერზე, როცა მის ქვეყანას ბუნებრივი აირი სჭირდებოდა“.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კითხვის გასაადვილებლად, აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთ ოსეთის ინსტიტუტების ან პოლიტიკური პოზიციების განხილვისას OC Media არ იყენებს ისეთ განსაზღვრებებს, როგორებიცაა – „დე ფაქტო“, „არაღიარებული“ ან „ნაწილობრივ აღიარებული“. ეს არ გულისხმობს პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.