TI: ვინ ფლობს ფოთის  სტრატეგიულ სიმდიდრეს

პუბლიკა

ვინ ფლობს ფოთის  სტრატეგიულ სიმდიდრეს – ამ სათაურით აქვეყნებს კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

„ქალაქი ფოთი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და საზღვაო ინფრასტრუქტურით,საქართველოსა და რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ კვანძს წარმოადგენს. ქვეყნის მთავარი ნავსადგური, ტერმინალები და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქალაქს საერთაშორისო ლოგისტიკური ჯაჭვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ქვაკუთხედად აქცევს” – წერია კვლევაში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კვლევის, რომელიც საჯარო წყაროებში მოპოვებულ ინფორმაციას ეფუძნება, მიზანი იყო დაედგინა თუ ვინ მართავს რეალურად ფოთის სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებს და რა ტიპის კავშირები არსებობს მსხვილ ბიზნესსა და მმართველ პოლიტიკურ ელიტას შორის.

კვლევის თანახმად, ფოთის სტრატეგიული სექტორი რამდენიმე გავლენიანი ჯგუფის ხელშია კონცენტრირებული და გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

„სისტემური კორუფციის ნიშნები: სახელმწიფო რესურსებზე წვდომა მიუთითებს პრივილეგირებული ჯგუფების არსებობაზე. კომპანიების უმრავლესობა, მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაღებული სოლიდური შეწირულებების სანაცვლოდ, ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ლოიალობასა და ექსკლუზიურ პრივილეგიებს (ლიცენზიები აუქციონის გარეშე 2036 წლამდე, მილიონობით ლარის საგადასახადო პატიება) იღებს;

პოლიტიკური ლოიალობა, როგორც ბიზნესის პირობა: ფოთში მოქმედი ბიზნესის უდიდესი ნაწილი პოლიტიკურ სიმპათიებს იმის მიხედვით იცვლის, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში და შეწირულებებსაც სწორედ ამ ნიშნით აკეთებს. იდენტიფიცირებულმა პირებმა და კომპანიებმა გაიღეს5,396,370 ლარის ოდენობის შეწირულება. „ქართულმა ოცნებამ“, მისმა სატელიტმა “ხალხის ძალამ” და ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღეს 4,671,980 ლარი (საერთო მოცულობის დაახლოებით 86,5%). “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც” პოლიტიკური შეწირულება მაშინ მიიღო, როდესაც ეს პარტია მმართველობაში იყო (2012 წელი);

რუსული/ოფშორული გავლენები და გამჭვირვალობის დეფიციტი: ფოთში მნიშვნელოვნად იკვეთება რუსული ინტერესები. რუსეთის 3 მოქალაქე, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე 6 პირი და ასევე ერთი რუსული კომპანია ფლობენ სტრატეგიულ ტერმინალებს. სხვადასხვა სექტორში წარმოდგენილია მნიშვნელოვანი რუსული კავშირების მქონე პირები. 7 მსხვილი კომპანიის მფლობელები დაკავშირებული არიან კვიპროსში, გიბრალტარსა და ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორებთან, რაც ართულებს მათი რეალური მესაკუთრეების იდენტიფიცირებასა და საზოგადოებრივ კონტროლს; ოლიგოპოლია და ურთიერთდაკავშირებული ქსელები: თევზჭერის, ლოგისტიკისა და პორტების სექტორში მოქმედი კომპანიები ერთმანეთთან და მმართველ გუნდთან არიან გადაჯაჭვულები (მაგ. წიწილაშვილების, ხახუბიების, პაპაშვილის, მაქაცარიასა და პეის ჯგუფის ქსელები);

თანამდებობის პირების ბიზნეს-ინტერესები: ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსები (დეპუტატები: გოდერძი ჩანქსელიანი, გოჩა ენუქიძე, გიორგი ხახუბია. ჯემალ ინაიშვილი; ყოფილი მერები: გოჩა კურდღელია, ვახტანგ ალანია; რუსეთში ქართული დიასპორის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე) უშუალოდ მონაწილეობენ სტრატეგიული დარგების მართვაში. მათი აქტივობა ადასტურებს, რომ ბიზნესში წარმატებას ხშირად ხელისუფლებისადმი ლოიალობა განაპირობებს” – ნათქვამია კვლევის მიგნებებში.

დოკუმენტი მოიცავს ფოთში ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა საზღვაო ინფრასტრუქტურა, პორტები, სამშენებლო სექტორი, თევზჭერა/შავი ზღვის რესურსების ათვისება, კვების პროდუქტების წარმოება.

კვლევაში მონაცემები 6 ჯგუფად იყოფა. თითოეული მათგანი ერთიანდება იმ ფინანსური, პოლიტიკური და ნათესაური კავშირების მიხედვით, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქ ფოთის სტრატეგიულ აქტივებს.

პირველ ჯგუფში შედიან თევზჭერასა და ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ პირები, კერძოდ, მასში ერთიანედებიან დავით წიწილაშვილი, სულხან პაპაშვილი, ხახუბიების ოჯახი და ხვიჩა მაქაცარიასთან დაკავშირებული პირები. 

„შავ ზღვაში თევზჭერის სტრატეგიულ ლიცენზიებს 5 კომპანია ფლობს. ამ კომპანიების მფლობელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მმართველი პოლიტიკური ჯგუფის შემწირველია და ყველა მათგანს სახელმწიფომ თევზჭერის ექსკლუზიური ლიცენზიები 2036 წლამდეგაუგრძელა;

თევზჭერის ლიცენზიების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებმა პოლიტიკური შეწირულებების სახით 1,488,100 ლარი გაიღეს, ყველაზე მეტი – 1,282,000 ლარი მმართველი პარტიას მისცეს” – წერია კვლევაში.

ამასთან აღნიშნულია, რომ ლიცენზიის ვადები ყველა კომპანიას, აუქციონის გარეშე გაუგრძელდა. 

მეორე ჯგუფი აერთიანებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ მოქმედ და ყოფილ პოლიტიკურ ფიგურებს, სადაც შედიან პარლამენტის წევრები, ყოფილი მერები და ის მაღალჩინოსნები, რომლებიც ფოთში უმსხვილეს სტრატეგიულ ბიზნესს ფლობენ.

ამ ჯგუფში შედიან გოდერძი ჩანქსელიანი, გოჩა ენუქიძე, გიორგი ხახუბია, მამუკა მერკვილაძე და ფოთის ყოფილი მერები (გოჩა კურდღელია, ვახტანგ ალანია) და მაღალჩინოსანი (ჯემალ ინაიშვილი)

ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები ფლობენ კომპანიებს ისეთ ბიზნესში, როგორიცაა თევზის გადამამუშავებელი საწარმო,სავაჭრო საწყობი, წისქვილი, ნავთობბაზა, ლითონები, საერთაშორისო გადაზიდვების სერვისი და სხვ.

კვლევის თანახმად, მესამე ჯგუფი აერთიანებს საზღვაო ინფრასტრუქტურას, პორტებსა და ტერმინალებს. საერთაშორისო გამჭვირვალობის თანახმად, „სტრატეგიული დარგების – ნავსადგურების, ტერმინალების, ტვირთების გადამზიდი კომპანიების, საწყობებისა თუ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილის მმართველობაში ჩართულები არიან ან წარსულში იყვნენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები თუ მათი ოჯახის წევრები”.

დოკუმენტის თანახმად, აქ შედის ირაკლი ღარიბაშვილი, გოჩა ენუქიძე, გოჩა კურდღელია, მამუკა მერკვილაძე. „ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო რესურსებზე წვდომა ხშირად პოლიტიკური გავლენების შედეგია” – აღნიშნულია კვლევაში.

„ფოთში შექმნილი ახალი საზღვაო ნავსადგურის მფლობელები “ქართული ოცნების”მნიშვნელოვანი დონორები არიან. “პეის ჯორჯიას” დირექტორმა, მფლობელებმა და მასთან დაკავშირებული კომპანიების წარმომადგენლებმა ჯამში 1,146,340 ლარის შეწირულება გაიღეს. ჯგუფი ფოთში განკარგავს 264,534 კვ.მ ტერიტორიას. ირაკლი კობახიძის განკარგულებით მათ სიმბოლურ ფასად, 49 წლის ვადით გადაეცათ ზღვის ფსკერზე არსებული 5,239 კვ.მ მიწა;

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშია რეგისტრირებული ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილისა და “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია შპს “კ და ქართული სპირტი”, რომელიც ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია საქართველოში” – წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართელოს კვლევაში.

რაც შეეხება მეოთხე ჯგუფს, ის მოიცავს რუსულ კაპიტალსა და ოფშორულ გავლენებს.

ამ ჯგუფში შედის ტერმინალები, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები რუსეთის მოქალაქეები ან ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიები არიან.

„შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ – საქართველო“: ფლობს ნავთობის ტერმინალებს (აქტივები: 60 მლნ ლარი 2020 წელს). კომპანიის 75%-ს ფლობს გიბრალტარული ოფშორული კომპანია, რომლის საბოლოო ბენეფიციარია დავით იაკობაშვილთან დაკავშირებული „Petrocas Energy International“. ამ კომპანიის 49% სანქცირებულმა რუსულმა „როსნეფტმა“ შეიძინა. კომპანია ასევე ფლობს წილს შპს„ფოთი ტერმინალ ჰოლდინგში“ ვირჯინიის კუნძულების ოფშორთან ერთად” – წერია კვლევაში.

შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ (PGT):50%-სფლობს ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული TOWER CAPITAL TRADING, რომლის საბოლოო მფლობელები რუსეთის მოქალაქეები ალექსეი ჩემერიჩკო და მარატ შაიდაევი არიან;

სს „ფოთი სტორიჯ სოლუშენს“: ტვირთის დასაწყობება/შენახვა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქ, ჯანი მიხაილოვი (იგი ასევე მართავდა სააქციო საზოგადოება „რუსელოისს“, რომლის გაკოტრების საქმე მიმდინარეობს ამჟამად რუსეთში. ეს კომპანია მოიპოვებდა მანგანუმს თერჯოლაშიც. მიხაილოვი ფლობს უძრავ ქონებას რუსეთში); 

შპს „ფოთის ლოგისტიკური პარკი“ ეწევა სატერმინალო მომსახურებას, ფლობს 22,891 კვ.მ მიწას. კომპანიის 49%-ს ფლობს სენ კიტსისა და ნევისის (და სავარაუდოდ,რუსეთის) მოქალაქე ანდრეი ბარანოვი;

შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“: დაარსდა 2008 წელს არაბული RAKIA-ს მიერ. 2017 წელს 75% ჩინურმა CEFC China Energy-მ შეიძინა (ხელმძღვანელი დააკავეს). ამ პერიოდში მმართველ კომპანიაში მრჩევლად მუშაობდა ირაკლი ღარიბაშვილი. კომპანიის გაკოტრების შემდეგ, 2025 წელს სახელმწიფომ 100%-იანი წილი დაიბრუნა” – წერია კვლევაში.

რაც შეეხება მეხუთე და მეექვსე ჯგუფებს, აქ ერთიანდებიან მსხვილი ქართული კორპორაციები, რომელშიც შედიან ძმები ფხაკაძეების, უჩა მამაცაშვილის პარტნიორების კომპანიები და სხვები, რომლებიც ქართული ოცნების შემომწირველები არიან. 

და სამშენებლო სექტორი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში იღებს მონაწილეობას. ამ ჯგუფში შემავალი კომპანიები დიდწილად სახელმწიფო შესყიდვებზე არიან დამოკიდებულნი. მაგალითად, შპს “პრაიმ ბეტონი”, შპს “გზა მშენებელი 13” და სხვ.