„მწვანე პასპორტი“ სავალდებულო აღარ არის კინოთეატრებშიც

პუბლიკა

გუშინ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული დაწესებულების გადასაწყვეტი იქნება, მოსთხოვს თუ არა მოქალაქეს აცრის დამადასტურებელ საბუთს.

გუშინვე საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვა, დატოვებენ თუ არა ძალაში „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნას კინოთეატრები, სადაც აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე შესვლა, როგორც მთელ ქვეყანაში, აკრძალული იყო 1 დეკემბრიდან.

„პუბლიკამ“ მიმართა კინოთეატრების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ „მწვანე პასპორტის წარდგენა კინოთეატრებშიც აღარ იქნება სავალდებულო“.

„აღარც კინოთეატრებშია სავალდებულო „მწვანე პასპორტის“ წარდგენა, თუმცა ძალაში რჩება სხვა მნიშვნელოვანი რეგულაციები, როგორიცაა: ბილეთების შეძენა ადგილის გამოტოვებით; სოციალური დისტანცირება; პირბადე; რეგულარული დეზინფექცია ყოველი სეანსის დაწყებამდე, ყველა კინოთეატრში და ა.შ.“, − გვითხრა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მაკა სიხარულიძემ.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, „მწვანე პასპორტის“ გაუქმება დაკავშირებულია „ომიკრონის“ შტამის თავისებურებებთან. გაბუნია განმარტავს, რომ მაღალი რეინფიცირების რისკის პირობებში, „მწვანე პასპორტს“ აღარ ექნება ისეთი მნიშვნელობა, როგორც ადრე, ამიტომ მთავრობა მის სავალდებულოდ მოთხოვნას გააუქმებს.