მზად ვართ თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან უმეტესობა დავთმოთ - კირკიტაძე საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებაზე

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით მისი პარტია მზად არის თბილისსში არსებული 8 მაჟორიტარული ოლქიდან უმრავლესობა სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და კანდიდატებს დაუთმოს, ხოლო 3-ში თავად დააყენოს პარტიული კანდიდატი.

„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ლეიბორისტულ პარტიაში შეკრებილ ყველა სუბიექტს, ისინი ჩვენ მიგვაჩნია პარტნიორებად და არ ვზომავთ მათ ზომით, წონით და პროცენტებით… თბილისში არსებული 8 საალჩევნო ოლქიდან ჩვენ მზად ვართ ოლქების უმრავლესობა დავუთმოთ და მხოლოდ 3 ოლქში დავაყენოთ ჩვენი კანდიდატი”,- განაცხადა კირკიტაძემ „ტვ პირველის” გადაცემა „რეაქციაში” სტუმრობისას

საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას მოჰყვა.

„ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“, მათთან დაკავშირებული პირებისგან, რომელთაგანაც აშკარად რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ მიდგომის გადახედვას აქვს ადგილი; საუბარი მეორე ტურებზე, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ თუ არ მიიღო მონაწილეობა, მაშინ აზრი არ აქვს. იმედი მაქვს, რომ ეს განცხადებები დარჩება უსარგებლო განცხადებებად და ეს არ არის მომზადება შეთანხმების ჩაშლისთვის“, – განაცხადა ბოკერიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მე ვერ ვხვდები რატომ ნერვიულობს ამ პროცესში მონაწილე ერთ-ერთი აქტორი „ევროპული საქართველო” და რატომ გაუჩნდა ეს განცდები. ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ მომხრე ვართ ერთობის, ჩვენ მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეთანხმება თბილისში”, – განაცხადა კირკიტაძემ.