„ნაციონალური მოძრაობა“ დავით ზალკალიანის პარლამენტში მისვლას მოითხოვს

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებენ.

„გვაქვს რამდენიმე ინიციატივა, რომელიც დღეს გვინდა გავაჟღეროთ. ერთი ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის დაბარება უახლოეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. უკრაინაში რუსული აგრესიის და დასავლეთის მხრიდან შეკავების ახალი არქიტექტურის ფონზე, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და ეს არის დიდი შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ სრულ უმოქმედობას ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, უკრაინაში ვიზიტისას გადაწყდა საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ასოცირებული ტრიოს საპარლამენტო ფორმატის გააქტიურება და ერთობლივი ვიზიტების დაგეგმვა ბალტიის ქვეყნებში, უკრაინის რადას წევრებთან ერთად.

ასევე, თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა და დღეს პარლამენტში ამ საკითხს დააყენებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრიორიტეტული საკითხია და ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია და ამისთვის ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან“, – განაცხადა მან.