ნახევარ-ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ კვირის ბოლოს ჩამოვა - მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დადასტურებული ინფორმაციით, კვირის ბოლოს საქართველოში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა – ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი დოზა „სინოვაკი“. მისივე თქმით უწყებისთვის ასევე ცნობილია „ფაიზერის“ ვაქცინის მიღების ზუსტი თარიღი, თუმცა ხელშეკრულების პირობის შესაბამისად, ამჯერად ვერ გაასაჯაროებს.

„მწარმოებლებთან გარკვეული მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც გულისხმობს კონფიდენციალურობის ხელშეკრულებას და გაუთქმელობის ხელშეკრულებას, ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავასახელოთ მნიშვნელოვანი დეტალები, რაც მესმის, რომ საზოგადოებას აინტერესებს, თუმცა იმ მწარმოებლებთან, სადაც ეს კონფედენციალობის დაცულობა სავალდებულო არ არის, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მილიონი ვაქცინა – ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი „სინოვაკი“ – უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს. შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ჩვენ ამ ვაქცინებით შეგვიძლია დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია.

რაც შეეხება ერთ-ერთ პოპულარულ ვაქცინას, რომლის თარიღსაც, კონტრაქტიდან გამომდინარე, ვერ დავასახელებ, ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით თარიღი, როდის იქნება ფაიზერი“ საქართველოში და შესაბამისად, „ფაიზერიც“ ჩაერთვება მასობრივი ვაქცინაციის პროცესში. იცით, რომ მილიონზე მეტი „ფაიზერი“ შემოვა საქართველოში. იქნება მისი ეტაპობრივი მოწოდება და ეს გახდება ჩვენი ყველა მოაქალაქისთვის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა მინისტრმა.