ნახევარი ვერ გავიგე რას ამბობ, ამიტომ უნდა მიაწვე მეტყველებას - ქანთარია ბოკერიას

პარლამენტის პლენარული სესიის სხდომაზე გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა. ქანთარიას თქმით, ოპოზიცია სრულად არის მოწყვეტილი რეალობას.

„შემიძლია მხოლოდ საყმაწვილო ენით გითხრათ რაც ეს ორი დღე შეგვიძლია შევაფასოთ. აბდა-უბდა გადასკუპდა, აქეთ ტაში, იქით ტაში, ასე გვიყვარს ჩვენ თამაში –  აი ეს არის ბატონებო მთელი თქვენი ლეიტმოტივი” , – განაცხადა ქანთარიამ.

უმრავლესობის წევრმა ნაციონალური მოძრაობის წევრს, რომან გოცირიძესაც მიმართა და იგი ფილმის სხვადასხვა პერსონაჟებს შეადარა:

„ბატონო რომან, რა გჭირს, გენაცვალე? ხან შესანიშნავ შვიდეულს ბაძავ, ხან კრისი გინდა იყო, ხან ბრიტი გინდა. დღეს რაღაც ტარანტინოს ბრუს ლის სტილში გინდოდა გამოსვლა და რაც იმ ფილმში ბრედ პიტისგან მიიღო იმ პერსონაჟმა, აი ის მიიღე ზუსტად, რომ გადააგდებს კაპოტზე „ერთხელ ჰოლივურში”, – განაცხადა ქანთარიამ.

ნუკრი ქანთარიამ ასევე ოპოზიციის ნაწილს მეტყველება დაუწუნა, მათ შორის განსაკუთრებით „ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია გამოჰყო. მისი თქმით, ბოკერიას გამოსვლის უდიდესი ნაწილი მისთვის გაუგებარი იყო.

„გიგას მინდა ვუთხრა, რომ ნახევარი ვერ გავიგე გიგა რას ამბობ. ამიტომ უნდა მიაწვე მეტყველებას, უნდა მიაწვეთ ზოგიერთი თქვენთაგანი, ვისაც პოლიტიკაში გინდათ დარჩენა. იმიტომ, რომ თვითონ გამომეტყველება, მზერა არის ძალიან გამომსახველი და ჯობია ხალხმა გაიგოს რას ამბობ იმიტომ, რომ ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ძალიან მაგარ რაღაცებს ამბობ. და ჯობია გაიგონ, მე შემიძლია მთელი სავარჯიშოები შემოგთავაზოთ”, – განაცხადა ქანთარიამ.