ნამუშევართან ჩვენ პრეტენზია არ გვქონია, დაცვის თანამშრომელს გაუჩნდა კითხვა - თეატრალურის თვითმმართველობა

პუბლიკა

თეატრალური უნივერსიტეტის თვითმმართველობა მეორე კორპუსში ჩატარებულ ფესტივალის, „სოლიდარობა ლიტერატურისთვის”  დახურვის დღეს, მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

არტისტი, რომელიც ანდრო დადიანის ფსევდონიმინით არის ცნობილი, აცხადებს, რომ თავისი ნამუშევარი – „შე ყლეო“, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საგამოფენო სივრციდან ჩამოხსნეს.

დადიანის თქმით, ნამუშევარი ფესტივალის „ლიტერატურა სოლიდარობისთვის“ დახურვაზე 10 აგვისტოს უნდა გამოფენილიყო. როგორც ის „პუბლიკას“ უყვება, ნაქარგი საგამოფენო სივრცეში დილით მიიტანა, რამდენიმე საათში კი ფესტივალის ორგანიზატორი დაუკავშირდა, ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ნამუშევრის ჩამოხსნა მოითხოვეს.

„[ორგანიზატორმა] მითხრა, – ავუხსენი ნამუშევრის შესახებ, ვთხოვე, მაგრამ მაინც მოითხოვეს ჩამოხსნა და ჩამოხსნეს“, – ამბობს ანდრო დადიანი.

თვითმმართველობაში კი ამბობენ, რომ როდესაც ფესტივალის მთავარმა ორგანიზატორმა მეორე კორპუსის ფოიეში ერთ-ერთი არტისტის ნამუშევარი გამოფინა, უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის თანამშრომელს გაუჩნდა შეკითხვა, იყო თუ არა შეთანხმებული ამ ტიპის ნამუშევრის გამოფენა ადმინისტრაციასთან,  ხოლო ამ კონკრეტულ საუბარს ესწრებოდა თვითმმართველობის წარმომადგენელი და სხვა კითხვა ან რაიმე პრეტენზია ორგანიზატორის, ფესტივალისა და ნამუშევრის მისამართით, მით უმეტეს ადმინისტრაციის ან თვითმმართველობის მხრიდან არ გაჟღერებულა.

განცხადების მიხედვით, დაცვის თანამშრომელს შეკითხვაზე ორგანიზატორმა უპასუხა, რომ ამ ნამუშევრის გამოფენა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული არ ჰქონია, რაზეც დაცვის თანამშრომელმა მას სთხოვა, რადგან სხვა პასუხისმგებელი პირი იმ დროს უნივერსიტეტში არ იმყოფებოდა, ნამუშევარი ადმინისტრაციასთან დაზუსტების შემდეგ გამოეფინა, რადგან მას არ სურდა, ცხადია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაიმე წინააღმდეგობასთან ჰქონოდა საქმე.

„უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლის მხრიდან ფესტივალის ორგანიზატორთან არავითარი შენიშვნა არ ყოფილა, იყო მხოლოდ რეკომენდაცია, რომ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციაში დაეხმარებოდა, თუ ეს გახდებოდა საჭირო. იმის ნაცვლად, რომ ფესტივალის ორგანიზატორს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ჰქონოდა კომუნიკაცია, როგორც ეს დაცვის თანამშრომელთან შეთანხმებისას ითქვა, რა შემთხვევაშიც, არავითარი პრობლემა არ იარსებებდა ნამუშევრის საუნივერსიტეტო სივრცეში არსებობის შესახებ (მით უმეტეს, კონკრეტულად ამ ფესტივალის ფარგლებში), ორგანიზატორმა მიიღო გადაწყვეტილება, ვიმეორებთ, შეთანხმების ნაცვლად ჩამოეხსნა ნამუშევარი.

ამ აქტის შემდეგ, მას ჰქონდა კომუნიკაცია არტისტთან და მას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ადმინისტრაციამ ან თვითმმართველობამ ან რომელიმე უნივერსიტეტში არსებულმა პასუხისმგებელმა ორგანომ მას აუკრძალა ნამუშევრის ჩამოკიდება და არტისტმა გაიარა მკაცრი ცენზურის ქვეშ. ეს არის სიცრუე! ამ ინფორმაციაზე არტისტს ჰქონდა დაუკმაყოფილებლობის განცდა, რომ მისი ნამუშევარი გადიოდა ცენზურას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ მას გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავდნენ და სოციალური ქსელის პირად გვერდზე დაწერა პოსტი, რომელშიც ღიად გააკრიტიკა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და მისი, როგორც ხელოვანის უფლებების შეზღუდვაში დასდო ბრალი”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

თვითმმართველობაში ამბობენ, რომ  „უნივერსიტეტის მისამართით, ფესტივალის მხრიდან რაიმე ტიპის პრეტენზია სულ მინიმუმ ეთიკურადაა არასწორი. ხოლო, არტისტის მხრიდან – კანონდარღვევა. ჩვენ საჯაროდ მოვითხოვთ ბოდიშის მოხდას, როგორც ფესტივალის ორგანიზატორის, ასევე არტისტის მხრიდან, რადგან უნივერსიტეტის სახელის არასწორად გამოყენება, დეზინფორმაციის გავრცელება, ადამიანების შუერაცხყოფა საკუთარი პიარისთვის, როგორც ეთიკური ნორმების, ასევე სხვა ადამიანების უფლებრივი დარღვევაა”.

LB loan image desktop LB loan image mobile