დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე წარადგინეს პირველადი შედეგები 25 ივლისს მომხდარი სისტემურ ავარიასთან დაკავშირებით, რომლის გამოც ელექტროენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა.
„სემეკის“ თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური გათიშვის გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია.
„მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაიწყო მეორე სისტემური ავარიის მოკვლევა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკურად არსებული სისტემის შეფასებას, შესაბამისი ხარვეზების გამოვლენას და მერე უკვე ისეთი ღონისძიებების დაგეგმვას, რომელიც მომავალში, შესაძლო შეფერხებების შემთხვევაში, სისტემის ჩაქრობას აგვარიდებს თავიდან.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ პირველადი ინფორმაციები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან და სხვა მიმწოდებელი პირებიდან, სხვადასხვა უწყებიდან. თუმცა გარკვეული ინფორმაცია ჯერ კიდევ დამუშავების რეჟიმშია, შესაბამისად, ამ ყველაფრის თავმოყრის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება, გავაკეთოთ საბოლოო დასკვნა. წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც მერე უკვე გადაეცა მთელ სისტემას და სისტემაში არსებულმა, ძალიან მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, გამორთვის ინსტრუმენტებმა არ იმუშავა სათანადოდ.
თუ რა გახდა ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ეს დადგინდება და მერე უკვე გატარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები”, – აცხადებს დავით ნარმანია.
24-25 ივლისს ელექტროენერგია ავარიულად მთელი ქვეყნის მასშტაბით ორჯერ გაითიშა. ამ საკითხზე გამოძიება სუსმა საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
30 ივლისს წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის მარეგულირებელმა კომისიამ 24 ივლისს ელექტროენერგიის საყოველთაო ავარიული გათიშვის შესახებ პირველადი დასკვნა წარადგინა.
დასკვნის მიხედვით, 24 ივლისს, დაახლოებით, 00:10 წუთზე საქართველოს ენერგოსისტემა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან გამოეყო და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, შედეგად დაიწყო ელექტროსადგურების და მომხმარებლების ე.წ. კასკადური გამორთვა და ელექტროენერგია სრულად გაითიშა.
ამ განცხადებას დღეს, 31 ივლისს გამოეხმაურა „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძე.
მისი თქმით, არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა.