მონიტორი: პირები, რომლებიც თაღლითურ ქოლცენტრში მუშაობდნენ, სავარაუდოდ, ისევ აგრძელებენ დანაშაულებრივ საქმიანობას

პუბლიკა

თაღლითური ქოლცენტრები, რომლებზეც „მონიტორმა” 32-ზე მეტ მედიასაშუალებასთან ერთად საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიება ერთი წლის წინ მოამზადა, სავარაუდოდ, ისევ აგრძელებენ საქმიანობას, ამჯერად მირიან მეფის 68 ნომერში.

„მონიტორის“ ჟურნალისტები 6 თვის განმავლობაში ფარულად აკვირდებოდნენ და იღებდნენ აგენტების გადაადგილებას მირიან მეფის ქუჩაზე. დაკვირვების შედეგად გამოიკვეთნენ ის პირები, რომლებიც ჟურნალისტებმა გასულ წელს სუსის შენობის სიახლოვეს, ქავთარაძის ქუჩაზე, ქოლცენტრის ძველ მისამართზე, გადაიღეს. ვიდეოში ასევე ჩანს ის ავტომობილები, რომლებიც ძველ ლოკაციაზეც იყო დაფიქსირებული.

ჟურნალისტების თქმით, გამოძიებაზე მუშაობისას, მათ არაერთხელ დააფიქსირეს თაღლითური ქოლცენტრის AK ჯგუფის რეალური მმართველის, აკაკი ქევხიშვილის ავტომობილები ახალ მისამართზე, სანომრე ნიშნებით AK100KK და AK200KK. აქედან AK100KK 2025 წლიდან გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია. 

ვიდეოში ჩანს, რომ ამავე მისამართზე ხშირად გადაადგილდება AK ჯგუფის ოფიციალური მფლობელი და დირექტორი მერი შოთაძე 2 სხვადასხვა ავტომობილით. ერთი (AA00KK) ასევე დაყადაღებულია გამოძიების ფარგლებში, ხოლო მეორე ჟურნალისტების თქმით, სხვის სახელზეა რეგისტრირებული.

გამოძიების თანახმად, მირიან მეფის ოფისთან ჩნდებიან ის აგენტებიც, რომლებიც AK ჯგუფის ქავთარაძეზე მდებარე ოფისში მუშაობდნენ და ჟურნალისტებმა გასული წლის გამოძიების დროს გამოავლინეს. მათ შორის: რუსულენოვანი აგენტი – ანჟელიკა ჩხაპელია (ფსევდონიმი: Marina Novikova), მიშა ბაირამოვი, ვალერიან გიგაური, გიორგი გოტმანი, ქეთევან მალაშხია (ფსევდონიმი: Ashley Moriarty), რომელიც აკაკი ქევხიშვილის მეუღლის დეიდაშვილია და ბელარუსის მოქალაქე ლიტა (მან ქოლცენტრში მუშაობა უარყო).

მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისთან ჟურნალისტებმა ასევე ამოიცნეს დაცვის თანამშრომლები, რომლებიც გასულ წელს ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ოფისთან გადაღების დროსაც იყვნენ დაფიქსირებულნი. მათ შორის არიან: ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი მანუჩარ გეგია, გდდ-ს ზუგდიდის სამმართველოს ყოფილი უფროსი ლევან გოგია, ლაშა ტუღუში. ჟურნალისტებმა ასევე გადაიღეს მანქანა, რომლითაც შარშან დაცვის კიდევ ერთი წევრი რომეო ქარდავა გადაადგილდებოდა.

„მონიტორის” ცნობით, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტური გამოძიების ანონსი გამოაქვეყნეს, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისი, რომელშიც AK ჯგუფის გაშიფრული აგენტები იკრიბებოდნენ, დაიხურა და ამჟამად შენობის ორივე სართული ქირავდება.

2022 წლიდან მირიან მეფის 68 ნომერში ფართი იჯარით ჰქონდა აღებული შპს „რტმ იმპორტს”, რომელსაც ჟურნალისტების თქმით, აკაკი ქევხიშვილის ცოლის ძმა ირაკლი ქვლივიძე ფლობს.

ჟურნალისტების განცხადებით, მათ 1 ივლისს პროკურატურას აცნობეს, რომ AK ჯგუფის ხელმძღვანელები და თანამშრომლები რეგულარულად გადაადგილდებიან მირიან მეფის 68 ნომერში მდებარე ოფისში. პროკურატურას არ განუმარტავს, გადაამოწმეს თუ არა აღნიშნული ინფორმაცია და აგრძელებენ თუ არა თაღლითური საქმიანობის გამოძიებას.

2025 წელს „მონიტორმა” 32-ზე მეტ მედიასაშუალებასთან ერთად ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა თაღლითური ქოლცენტრის AK ჯგუფის შესახებ, სადაც 85 ადამიანი მუშაობდა. ჯგუფმა 2022-2025 წლებში, ევროპასა და კანადაში 6 100-ზე მეტი ადამიანი გაძარცვა და 35 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. 

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ AK ჯგუფის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის მიზნით, გამოძიება დაიწყო ჯგუფური თაღლითობისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მუხლებით. ბრალი 11 პირს წარედგინა, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ერთ-ერთ ეპიზოდად ქოლცენტრების მფარველობას ედავებოდნენ. სასამართლო განჩინების საფუძველზე ქოლცენტრის ხელმძღვანელების, აგენტების უძრავ-მოძრავ ქონებასა და კომპანიებში წილებს ყადაღა დაედო. 

გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ახალი ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ „მონიტორს” პროკურატურამ უთხრა, შესაძლო დაზარალებული პირების მოძიების მიზნით, დახმარება გერმანიას სთხოვეს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გამოძიების მოთხოვნით შვედეთის მოქალაქეებმა პროკურატურას აქეთ მიმართეს.

უწყების ცნობით, ინფორმაციის მისაწოდებლად მათ ასევე მიმართეს ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩართულ პირებს, რომელთაც უარი განუცხადეს.

„შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება არსებითად დამოკიდებულია სამართლებრივი დახმარების ფარგლებში უცხოეთიდან მისაღებ ინფორმაციასა და მასალებზე”, – ნათქვამია პროკურატურის პასუხში.

„მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, აკაკი ქევხიშვილი და მერი შოთაძე წარსულში კიდევ ერთ ქოლცენტრში მუშაობდნენ შპს „100 მარკეტინგ სოლუშენზში”. მათი საქმიანობის შესწავლის მიზნით გამოძიება 2023 წელს დაიწყო და კომპანიის წილები დაყადაღდა, 2026 წელს კი ყადაღა გაუქმდა.