ნატა მურვანიძე: ხელოვნება უნდა იყოს თავისუფალი, ნებისმიერი აკრძალვა ყოველთვის საპირისპიროს იწვევს

პუბლიკა

თეატრისა და კინოს მსახიობი ნატა მურვანიძე კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ხელოვნება უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი.

„ლიტერატურაც, კინოც, თეატრიც, მუსიკაც, მხატვრობაც… ხელოვნება უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამ თავისუფლებას ხელს უნდა უწყობდნენ და არა პირიქით, რადგან ნებისმიერი წინააღმდეგობა, ნებისმიერი მარწუხი, ნებისმიერი აკრძალვა ყოველთვის საპირისპიროს იწვევს. ასე იყო, არის და იქნება. წინააღმდეგობა ალტერნატიულ გზებს პოულობს, გამოხატვის სხვა ფორმებს, სხვა ენას, რომელსაც ვერავინ დაეწევა, ვერ შეაჩერებს. არ ჩერდება, არ ჩუმდება, ვერ ჩუმდება. აზრი არ აქვს ამასთან ბრძოლას. და თუ გაჩუმდა, ან გაჩერდა ე.ი. ძალას იკრებს და აუცილებლად აზვირთდება და ყველაფერს წალეკავს. სახიფათოა ეს გზა. ფრთხილად“, – წერს ნატა მურვანიძე Facebook-ზე.


„ქართული კინო საფრთხეშია“ – თითქმის ერთი კვირაა, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ეროვნულ კინოცენტრთან იკრიბებიან, სოლიდარობას უცხადებენ ცენტრის თანამშრომლებს და უშედეგოდ ითხოვენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრას.

11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც ისინი ცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ითხოვენ:

  • „კონკურსის გზით  დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი;
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა  ერთპიროვნულად;
  • დირექტორის შესარჩევი კომისია  დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან; მივმართავთ საზოგადოებას, ხელმოწერით დაადასტუროთ, თუ კი მხარს უჭერთ ჩვენ ამ მოთხოვნას“.