,,ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა" - ხაზარაძე

პუბლიკა
პარტია ,,ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ვაქცინაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ  საქართველოში „ვაქცინის შემოტანა უნდა ყოფილიყო უმთავრესი პრიორიტეტი, მაღალი ფასის მიუხედავად და უკვე უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი”.

,,მით უმეტეს, რომ მიღებული დახმარება და აღებული ვალები ბევრად აღემატება იმ თანხას, რისი გადახდაც სრული ვაქცინაციისთვის არის საჭირო.

ამით უფრო სწრაფად ავამუშავებდით ეკონომიკას, შევაჩერებდით ბიზნესების გაკოტრებას, ადამიანების უმუშევრად დატოვებას. გაცილებით სწრაფად გავხსნიდით ქვეყანას ტურიზმისა და ინვესტორებისთვის.

ასევე ვფიქრობ, სახელმწიფო ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად, ეს მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებდა.

სამწუხაროა, რომ ისევე, როგორც ბევრ სხვა საქმეში, საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაშიც მაჩანჩალაა!” , – წერს ხაზარაძე.


რას გულისხმობს ვაქცინაციის ეროვნული გეგმა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თებერვლის მეორე ნახევარში „კოვაქსის“ პლატფორმიდან შემოვა 29 250 დოზა, რომლითაც დაახლოებით მედიცინის 14 000-მდე მუშაკი აიცრება.

NCDC- ის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრებიან კოვიდკლინიკების თანამშრომლები და მათში პირველ რიგში რეანიმატოლოგები, ინტენსიური თერაპიის, მიმღების, სასწრაფოს, ემერჯენსის ექიმები, ვისაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ კოვიდინფიცირებულებთან.

დანარჩენი ექიმების აცრა მოხდება მაშინ, როცა ქვეყანაში შემოვა „ასტრაზენაკას“ ვაქცინა. NCDC-ის ინფორმაციით,  „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მარტის პირველი ნახევრისთვის შემოვა.

„სადღაც 180 000-დან 300 000-მდე და იქაც პირველი, იქნება სამედიცინო პერსონალი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის საორიენტაციო (და ამბიციური) სამიზნეა მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 60%-ის ვაქცინით მოცვა.

გეგმა მთავრობამ 21 იანვარს დაამტკიცა.