ხელოვნების ნებისმიერი დარგისთვის დამოუკიდებლობის არქონა არის საფრთხე – ნიაზ დიასამიძე

პუბლიკა

მუსიკოსი და მომღერალი, ნიაზ დიასამიძე, რომელიც არაერთი საუნდტრეკის ავტორია, „პუბლიკასთან“ კინოცეტრში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მას ვკითხეთ საპროტესტო ტალღის – „ქართული კინო საფრთხეშია“ – შესახებ და რამდენად ხედავს კინოს  დამოუკიდებლობის შეზღუდვის რისკს:

„ზოგადად, როდესაც ადამიანები აპროტესტებენ, გრძნობენ ჩარევას, დამოუკიდებლობის დაკარგვას, ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეა. ნებისმიერი ხელოვნების დარგისთვის დამოუკიდებლობის არქონა არის საფრთხე, სულ მცირე, დისკომფორტი და ხელის შეშლა. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანებს შეკითხვები აქვთ და დამოუკიდებლობაში ჩარევას გრძნობენ“, – ამბობს ნიაზ ნიასამიძე სატელეფონო კომენტარში.

„პუბლიკამ“ ნიაზ დიასამიძეს ასევე ჰკითხა, როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ კინემატოგრაფისტებს კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ ხვდება. მუსიკოსმა განაცხადა, რომ „ასე საქმე წინ ნამდვილად არ წავა“.

„საბოლოო ჯამში თავისუფალი ხელოვანი, თავისუფალი ხელოვნება ნებისმიერ ზეწოლას უძლებს. ნებისმიერ ზეწოლაზე, ჩარევის სურვილებზე მეტია, უფრო დიდხანს რჩება და ამიტომ ეს ყველაფერი არის ფუჭი მცდელობები. მიმაჩნია, რომ ხელოვნება ასეთ შემოტევებს უძლებს კი არა, აძლიერებს კიდევაც ხელოვნებას. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება, ქართული კინოც გადარჩება და უკეთესიც გახდება“, – უთხრა „პუბლიკას“ ნიაზ დიასამიძემ.


დღეს 17:00 საათზე კინოცენტრთან კინემატოგრაფისტები საპროტესტო აქციას მართავენ შემდეგი მოთხოვნებით:

1. შეჩერდეს მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი.
2. კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყოს ინიციატორი იმისა, რომ კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე; დაიწყოს კინოცენტრის მართვის ისეთ ფორმაზე მუშაობა, რომელიც უპირობოდ უზრუნველყოფს კინოცენტრის დემოკრატიულ, ავტონომიურ და ჰორიზონტალურ ფუნქციონირებას; მოვალეობის შემსრულებელი თავად იყოს გარანტი პროცესის საჯაროობისა, რომელიც წარიმართება სფეროს წარმომადგენლებთან ღია და მჭიდრო თანამშრომლობით.