ნებისმიერი წინაღობა დასავლეთისკენ გზაზე, „რუსკი კარაბლის“ გზას უნდა გავუყენოთ - გვარამიას მიმართვა

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს.

ნიკა გვარამიას წერილი ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.

როგირც წერილშია აღნიშნული, ნიკა გვარამია მადლპობას უხდის მხარდაჭერებს და ამბობს, რომ თავს მხნედ გრძნობს.

„დიდი გულისყურით და კმაყოფილებით ვაკვირდები იმას რომ ბოლო ბოლო ყველას ჩამოეხსნა თავლებიდან ლიბრი და სრულიად გაქარწყლდა, აქამდე არსებული ყველა მცირედი ილუზიაც კი, რომ ქართველებს არ შეგვიძლია ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება. რომ ყველაფერი საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის ბრალია, რაშიც თითქოს ყველანი თანაბრად ვართ ჩართული და ყველანი დამნაშავე ვართ. არა და არა მეგობრებო.

დღეს მოვისმინე გერმანელი პროფესორის ჰანს გუთბროდის უნაკლო ანალიზი და მოწოდება, რომ საქართველოსთან მიმართებით, უნდა დავმარხოთ სიტყვა პოლარიზაცია. ეს მოწოდება პირველ რიგში, ჩვენს უცხოელ მეგობრებს მიემართება, რომლებიც ამდენი ხანი შეცდომაში შეჰყავდა ივანიშვილის მიერ მოგონილი პოლარიზაციის აბსურდს.

სინამდვილეში, ეს ივანიშვილის მიერ შექმნილი მართვადი ქაოსია, რომლითაც ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს. აგერ უკვე მერამდენე წელია და სამყაროს უქმნის არასწორ განცდას, თითქოს ჩვენ უმწეო და უუნარო ერი ვართ, რომელიც არ იმსახურებს ევროპულ ოჯახში ყოფნას. ჭეშმარიტად, რასაც ჩვენ ქვეყანაში ვხედავთ, ეს არ არის ჰორიზონტალური პოლარიზაცია, ანუ დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის და ა.შ.

ეს არის ვერტიკალური პოლარიზაცია, სადაც მაღლა პოლუსზე დამნაშავე ოლიგარქია თავისი ღრმად კორუმპირებული სისტემით და ჩვენი ჩინოვნიკებით, თავისი ასი ათასობით ბიუჯეტის პარაზიტებით, ვინც ხელფასზე ჰყიდის სამშობლოს თავისი ექსტრემისტული ძალებით. ვინც არბევს, ცემს, ხოცავს, მის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოთი, ხოლო ქვედა პოლუსზე ქართველი პატრიოტები, ანუ ყველა დანარჩენი, რომლის ერთ პოლუსზე ე.წ. რუსკი მირი, ხოლო მეორე პოლუსზე ქართველი მედასავლეთეები.

ქართული ოცნება არის არსებითად რუსული ძალა და ივანიშვილის მოდუს ოპერანდი არის აბსოლუტურად რუსული. მას არ ესმის მოლაპარაკება და შეთანხმების დაცვა, მასზე არ ჭრის დაყვავება და კომპრომისი. ის ამ ყველაფერს სისუსტედ აღიქვამს როგორც სხვა, ნებისმიერი რუსი. თავად შიშის მთესველი, საკუთარ გადაწყვეტილებებსაც ერთადერთი ინსტიქტის კარნახით იღებს, ესაა შიში და ამიტომ მას, როგორც ნებისმიერ სხვა რუსს, ძალის პოზიციიდან უნდა ელაპარაკო. ასე რომ, გამბედაობა და უშიშრობა გვმართებს. ჩვენი ისტორიული კომპასი მხოლოდ დასავლეთს აჩვენებს და არავითარი გადახვევა არ დაიშვება. ნებისმიერი წინაღობა ამ გზაზე, “რუსკი კარაბლის” გზას უნდა გავუყენოთ “. –წერს ის. 

ნიკა გვარამია მიმართავს თხოვნით საერთაშორისო თანამეგობრობას. მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთიდან მართული არაქართული ძალაა.

„ქართული ძალა კი ვართ ჩვენ, უძველესი ევროპელები, საქართველოს ხალხი. ჩვენ არ ვიმსახურებთ ამ ხელისუფლებას და ამ შეცდომას აუცილებლად და უსწრაფესად გამოვასწორებთ, მაგრამ ჩვენ ვიმსახურებთ დაბრუნებას ჩვენ ისტორიულ წიაღში, დასავლურ ოჯახში და ეს შესაძლებლობის ფანჯარა არ უნდა დაგვეხუროს. ეს არის ყველა ქართველი პატრიოტის ნატვრა დღესაც და საუკუნეების განმავლობაში და ეს არის საქართველოს ნათელი მომავლის ერთადერთი და უალტერნატივო გზა”, –  ნათქვამია ნიკა გვარამიას მიმართვაში.