ნეკა დოროყაშვილი: ბოლომდე ვიბრძოლებ, ყველა ქალისთვის, ვინც ახლაც იმყოფება ძალადობის ქვეშ

პუბლიკა

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი სასამართლოს მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს, ყველა ქალისთვის, ვინც ახლაც იმყოფება ძალადობის ქვეშ.

“სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგში და გაეროში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რადგან უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, სულ რომ ყველამ თვალი დახუჭუს მტკიცებულებებით სავსე საქმეზე სტატუსისა და გავლენების გამო, ჩვენ მაინც მივიღებთ სამართლიანობას. ამ ქეისს გავხდით მაგალითად, თუ როგორ მუშაობს საქართველოში სასამართლო სისტემა.

მოსამართლე, რომელიც უარყოფს თავის წინ დადებულ ფაქტებს, თვალს ხუჭავს ყველაფერზე, დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის 10 წუთიან რეპლიკას სიტყვა-სიტყვით იმეორებს მის სიტყვებს! 2 წლიანი განხილვის შემდეგ მხოლოდ 10 წუთიან ბრალდებულის რეპლიკას იმეორებს. მას შეეძლო პირდაპირ 2 წლის წინ მოესმინა ბრალდებულისთვის, გაემეორებინა მისი სიტყვები და ეთქვა მაშინვე არ არის ეს ბიჭი დამნაშავეო.

ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. ამით მან თქვა, რომ არაფერი გეშველებათ ძალადობაში ამოგხდებათ სული თუ ნეკა დოროყაშვილმა ვერ მოიგო სისხლის სამართლის დავა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით სავსე, მაშინ სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ?! მე აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ და მივიღებ სამართლიანობას ჩემთვის, ყველა ჩემი მხარდამჭერისთვის და ყველა ძალადობა გამოვლილი ქალისთვის დიახ ყველა ქალისთვის, ვინც ახლაც იმყოფება ძალადობის ქვეშ. უამრავი შემთხვევაა, როცა თავდებით გამოშვებული ქმრები და ყოფილი ქმრები ცოლებს ხოცავენ, გამართლებულები ყელს ჭრიან ცოლებს, ეს რას ნიშნავს?! ეს არ მიანიშნებს ქართული, სტერეოტიპებით, ნაცნობობით და გავლენებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე?! ეს არ გვიჩენს განცდას, რომ საქართველოში სასამართლო კლავს ქალებს?! მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველა ჩემს მხარდამჭერს, ვინც სტერეოტიპების მიუხედავად, სტატუსის მიუხედავად თვალყურს ადევნებდა პროცესებს გულმხურვალედ მიჭერს მხარს და მგულშემატკივრობს და ვისთვისაც საქმეში არსებული საკმარისზე მეტი მტკიცებულებებით ყველაფერი ცხადია მიყვარხართ მე თქვენ!!! მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას”,- წერს დოროყაშვილი სოციალურ ქსელში.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა.

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისთვის. ბრალდების მხარე ნიკოლოზ ბასილაშვილს დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდზე ედავებოდა. მათ შორის ერთ-ერთია, 2020 წლის 21 მაისის შემთხვევა, რა დროსაც ჩოგბურთელი პოლიციამ ძალადობის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით კი სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე სასამართლო განხილვები თითქმის ორი წელია გრძელდება. გუშინ გაიმართა ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც ბრალდებულის საბოლოო სიტყვასაც მოუსმინა მოსამართლემ. ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის მოთხოვნით სხდომის ეს ნაწილი დაიხურა. დაზარალებული ნეკა დოროყაშვილის გამოკითხვა სასამართლო პროცესზე მისივე მოთხოვნით ღია იყო.