NGO-ები: პრემიერის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

ორგანიზაციები, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მოუწოდებენ, რომ რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია გაასაჯაროონ. მათ შორის, ხელშეკრულება, ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

განცხადებას ხელს 6 ორგანიზაცია აწერს.

მიგვაჩნია, რომ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით უნდა გახდეს სახელმწიფო ინსტიტუტების შესწავლის საგანი:

კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ყოველთვიურ ხელფასის და  2022 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის გათვალისწინებით, მის შემოსავლებსა და  სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე არსებული თვითმფრინავით კომერციული ვიზიტების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯებს შორის შესაძლო დისპროპორციის გამო, საინტერესოა, თუ რა არის პრემიერის ფინანსური წყარო.

აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში კლეპტოკრატიის მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ამ და სხვა ფაქტებზე, ვინაიდან, ეს  არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის წევრების ირგვლივ გავრცელებული ინფორმაცია იწვევს ღარიბაშვილის  თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის ბოროტად, ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით გამოყენების, ეჭვებს.

კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე და შემდეგ აღნიშნული სიმდიდრის გამოყენება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას ტელეკომპანია პირველის გადაცემანოდარ მელაძის შაბათში 2023 წლის 9 სექტემბერს  გასულ სიუჟეტში გადმოცემული შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი  ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. 

ამის პარალელურად, არსებითია შემთხვევაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ, გაასაჯაროოს რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულება მხარეების მითითებით, ასევე, ხარჯთაღრიცხვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  2. საფარი;
  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  4. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო;
  5. ღია საზოგადოების ფონდი;
  6. დემოკრატიის მცველები.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი შვებულების დროს პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. „TV პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად პრემიერ-მინისტრმა ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად უფროსი შვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.

სიუჟეტში გასული ინფორმაციის მიხედვით, სამთავრობო რეისით წასული თვითმფრინავი 28 აგვისტომდე მიუნხენში დარჩა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა.

საქართველოს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად გერმანიაში მისმა კომპანიამ წაიყვანა და დამკვეთი სამთავრობო დაცვა იყო.