NGO-ები: პრეზიდენტის განცხადება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კანონის უგულებელყოფის გაცხადებული განზრახვა სწორედ იმ სახელმწიფოს დელეგაციის წევრთა სასარგებლოდ, რომლის სამხედრო აგრესიის შედეგიცაა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, საგანგაშოა და ეწინააღმდეგება ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს, – ევროსაბჭოში პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით არასამათავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ.

მათი თქმით, პრეზიდენტის განცხადება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, რომლის ქვაკუთხედიც კანონის უზენაესობაა. სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას კი აზრი ეკარგება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ხელისუფლება არ ხორციელდება კანონის საფუძველზე და კანონით მკაფიოდ განსაზღვრულ ჩარჩოებში. უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობის უგულებელყოფა იქნება გზავნილი, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოებისთვის, რომ კანონის მოთხოვნები ფორმალობაა და თანამდებობის პირები თავად გადაწყვეტენ, როდის შეიძლება მათი დარღვევა.

იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მოქმედების უზრუნველყოფა ევალება არა პრეზიდენტს, არამედ საქართველოს მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუყოვნებლივ გაკეთდეს მკაფიო და საჯარო განცხადებები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის უზენაესობისა და აღსრულების უზრუნველყოფაზე.

NGO-ების განმარტებით, აგვისტოს ომის შემდეგ მიღებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს იმ ტერიტორიების სტატუსს, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და ადგენს ამ ტერიტორიების განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს. განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, მათ შორის, მოიაზრებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას. კანონის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორებზე შესვლა  დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში შესვლა აკრძალულია.

ხელმომწერი ორგანიზაციები: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, მწვანე ალტერნატივა, მრავალეროვანი საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);


საქართველომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას უნდა უმასპინძლოს.

გუშინ, 28 იანვარს ევროსაბჭოს ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა სალომე ზურაბიშვილს კითხვით მიმართა: „საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა, რომელიც მასპინძლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა უნდა გაიმართოს თქვენს ქვეყანაში. თქვენ ასევე უმასპინძლეთ მართლმადიდებლურ ღონისძიებებს, თუმცა სტუმართმოყვარე ქვეყნის პრეზიდენტმა არ დაგმო რუსეთის დელეგაციის წევრის ცემა. თქვენი ქვეყანა ხდება საშიში არა მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლებისა და რელიგიური, ეროვნული თუ სხვა უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც. რა არის ამაზე თქვენი პასუხი?“

სალომე ზურაბიშვილმა რუსი დეპუტატის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ: „ეს კანონი რუსეთის დელეგაციის ბევრ წევრს შეუზღუდავდა ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული პოლიტიკისგან განსხვავებით, პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს, ვაპირებთ, პატივი ვცეთ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები გვკარნახობს.

ეს არ არის მარტივი. ამას მარტივად არ მიიღებს მოსახლეობა, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს“.