ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

პუბლიკა

ქართველი პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამ პოსტის პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.

ამის შესახებ ანანიაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

“გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო.” – განუცხადა “რადიო თავისუფლებას” ნინო ანანიაშვილმა.

მისი თქმით, ამ პოსტის პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელად დარჩება.

“სხვანაირად მე ამ შემოთავაზებას არ დავთანხდებოდი. მე არ ვტოვებ დასს, აქ ვრჩები და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მე უფრო მეტ საშუალებას მომცემს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოვიზიდო ჩემს მიმართ და საქართველოს დასის მიმართ. გეტყვით კიდევ ერთ მიზეზს, რატომაც დავთანხმდი – ამ თეატრში სპექტაკლებს დგამს ძალიან ცნობილი ქორეოგრაფი ნაჩო დუატო. დღემდე ვერაფრით მოვახერხე მისი საქართველოში წამოყვანა. რატომღაც არ მოდიოდა საქართველოში. ან დასს არ იცნობდა, ან სხვა მიზეზი იყო. ახლა – მე მექნება შესაძლებლობა ნაჩო დუატოს სპექტაკლი დავდგათ საქართველოში.” – ამბობს ნინო ანანიაშვილი.