უკრაინამ ოკუპირებული აფხაზეთიდან იარაღის კონტრაბანდის არხის ლიკვიდაცია მოახდინა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა (ГУР) და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ცნობით, მათ ერთობლივად, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად მრავალეტაპიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომელზე მუშაობაც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა.
შედეგად აღიკვეთა რუსული კონტრაბანდის არხი შავი ზღვის გავლით, აფხაზეთის ტერიტორიიდან.
ГУР წერს, რომ ოპერაციის ფარგლებში გამოავლინეს და აღკვეთეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა, რომელიც ჩართული იყო აქციზური საქონლის კონტრაბანდაში, უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირთა უკანონო გადაყვანასა და ფეთქებადსაშიში საგნების გადატანაში აფხაზეთის ტერიტორიიდან, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, თუმცა საქართველოს სუვერენული ნაწილია.
დაზვერვის მონაცემებით, კონტრაბანდის ეს არხი შავი ზღვის აკვატორიის გავლით ფუნქციონირებდა.
„ფიგურანტები იყენებდნენ სამოქალაქო გემებს თამბაქოს ნაწარმის მსხვილი პარტიების ტრანსპორტირებისთვის და ტვირთში მალავდნენ რუსული წარმოების საბრძოლო საშუალებებსა და უპილოტო სისტემებს“, – განაცხადეს ГУР-ში.
უკრაინული უწყების ცნობით, სქემის ორგანიზატორებმა სცადეს უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის რესურსების გამოყენება კუნძულ ზმეინის ტერიტორიაზე უკანონო ტვირთისთვის ლოგისტიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
„სპეცოპერაციის ფინალური ფაზის დროს ჯგუფის მონაწილეები დააკავეს უშუალოდ უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირის უკანონოდ გადაყვანისა და კონტრაბანდული ტვირთის მორიგი პარტიის ტრანსპორტირების მცდელობისას“, – ვკითხულობთ ГУР-ის განცხადებაში.
ოდესისა და ჩერნივცის ოლქების ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია:
- კონტრაფაქტული თამბაქოს ნაწარმის 1800 ყუთი;
- კავშირგაბმულობის საშუალებები და დოკუმენტაცია;
- უკანონოდ გადაკეთებული ავტომატური იარაღი;
- რუსული უპილოტო საფრენი აპარატი (ბპლა) საბრძოლო ნაწილით, რომელიც მალულად იყო მოთავსებული კონტრაბანდულ ტვირთში.

ГУР ამბობს, რომ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და საპროცესო ღონისძიებები ყველა თანამონაწილე პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისაცემად.
რა იყო იარაღის კონტრაბანდისტების მთავარი მიზანი?
СБУ დასძენს, რომ დაკავებულ კონტრაბანდისტებს, რუსეთის ეფ-ეს-ბეს (ФСБ) დავალებით, ოდესაში უნდა ჩაეტანათ საბრძოლო საშუალებები, კერძოდ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მართვის მქონე ასაფეთქებელი დარტყმითი დრონი.
ამგვარად, ოკუპანტებს ქალაქში ტერაქტის მოწყობა სურდათ.
„კონტრაბანდისტების მარშრუტს ისინი კუნძულ ზმეინისთან (გველების კუნძული) მდებარე ნეიტრალური წყლებისკენ მიჰყავდა, სადაც ტვირთი ძირითადი გემიდან მცირე ზომის ნავებზე გადაჰქონდათ ოდესის სანაპიროზე ფარულად მიწოდების მიზნით“, – აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.
СБУ-ს თანამშრომლებმა კონტრაბანდული ქსელის 4 წევრი „ცხელ კვალზე“ დააკავეს, როდესაც მათ აქციზური პროდუქცია საბრძოლო საშუალებებთან ერთად ოდესის პორტის რაიონში მიიტანეს.
„როგორც გამოძიებით დადგინდა, კონტრაბანდული არხის ორგანიზატორი არის ოდესელი მეწარმე, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ და ეწევა არალეგალურ ბიზნესს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში. ის დათანხმდა ФСБ-სთან თანამშრომლობას კავკასიაში კონტრაბანდით ვაჭრობის ნებართვის სანაცვლოდ“, – აცხადებს СБУ.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციითვე, უკანონო საქმიანობაში ოდესელმა მეწარმემ ჩართო სამი სხვა პირი ოდესიდან, ასევე ადგილობრივი მესაზღვრე, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ფიგურანტების გემების შეუფერხებელი გადაადგილება ქალაქის სანაპიროსკენ.
გარდა ამისა, უკან დაბრუნებისას სქემაში ჩართულ პირებს ქალაქიდან უნდა წაეყვანათ კონტრაბანდისტული ქსელის ხელმძღვანელის ძმა და გემებით უკრაინის ფარგლებს გარეთ გაეყვანათ.
ამჟამად დაკავებულებს ბრალი წარედგინათ უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირთა უკანონო გადაყვანის მუხლით. ასევე, მოსალოდნელია, რომ მათ ბრალი წარედგინებათ იარაღისა და აქციზური საქონლის კონტრაბანდისა და სხვა მუხლებით.
სქემის ორგანიზატორს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. მასში ჩართულ პირებს ემუქრებათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ ქონების კონფისკაციით.
უკრაინული მედიის ცნობით, მანამდე СБУ-მ და პოლიციამ დააკავეს ოდესის ოლქში მცხოვრები 23 წლის ქალი, რომელიც ჟიტომირში უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფის შენობაში ტერაქტს ამზადებდა. ქალს კურიერის საფარქვეშ უნდა ემოქმედა და საფოსტო განყოფილებაში მიეტანა ამანათი, რომლის შიგნითაც ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.